skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოები: სააპელაციომ ნიკა გვარამია პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე დატოვა პატიმრობაში

რვა არასამთავრობო ორგანიზაცია სააპელაციო სასამართლოს მიერ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლისა და დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებას ეხმიანება და აცხადებს, რომ „აღნიშნული საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული, რომლის მიზანი ნიკა გვარამიას დასჯა და კრიტიკული ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხებაა“.

მათივე თქმით, ბრალდებების უსაფუძვლობაზე სახალხო დამცველის, „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ სასამართლოში წარდგენილი მოსაზრებებიც მიუთითებდა, რომელთა თანახმადაც საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება.

უფლებადამცველები სახალხო დამცველის აპარატის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გვარამიას საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის შესწავლის შედეგად მის კანონიერებასთან და დასაბუთებულობასთან დაკავშირებით გამოკვეთილ საფრთხეებზეც ამახვილებენ ყურადღებას.

„მნიშვნელოვანი ხარვეზებით განხორციელებული მართლმსაჯულება, რომელიც ზიანს აყენებს მედიაგარემოს და ზოგადად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სტანდარტებს, კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას, აცდენილია ევროკავშირის 12-პუნქტიანი მოთხოვნების სულისკვეთებას და ხელს უშლის სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას“, – აცხადებენ ისინი.

არასამთავრობოების შეფასებით, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით არსებული გამოწვევების ერთ-ერთი მაჩვენებელია. მსგავსი საქმეები კი სრულიად მოსამართლეთა კორპუსს, მათ შორის, მიუკერძოებელ მოსამართლეებსაც აყენებს ჩრდილს.

„საერთაშორისო პარტნიორების მიერ წლების განმავლობაში სასამართლო სისტემის გაუმჯობესების კუთხით გაწეული ძალისხმევა ე.წ. გავლენიანი მოსამართლეების ქმედებებით მნიშვნელოვნად არის დაზიანებული“, – ხაზს უსვამენ ისინი და მიიჩნევენ, რომ „ადამიანის უფლებების დარღვევაში შემჩნეულ მოსამართლეებზე მომავალში პარტნიორების რესურსების გამოყენებას სასამართლოს სისტემისთვის პოზიტიური შედეგი არ მოჰყვება“.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“; „ღია საზოგადოების ფონდი“; „ადამიანის უფლებათა ცენტრი“; „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“; „საზოგადოება და ბანკები“; „მედიის განვითარების ფონდი“; „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button