ახალი ამბები

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო წელს პირველად შეიკრიბა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 4 ნოემბერს, წელს პირველად შეიკრიბა და გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ტენდენციები, ასევე საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები განიხილა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ამავე კონტექსტში საბჭომ ასევე განიხილა ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების განახლების პროცესი და ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის მდგომარეობა.

საბჭომ აღნიშნა, რომ კონცეფციის საბოლოო ვერსია „მზად იყო პარლამენტისთვის წარსადგენად, მაგრამ მკვეთრად შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, მიმდინარეობს დოკუმენტის უსაფრთხოების არსებულ გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანა“.

სხდომის მონაწილეებმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში რეფორმის მიმდინარეობასა და კონცეპტუალური და სამართლებრივი ჩარჩოს შექმნის პროცესზეც იმსჯელეს.

სხდომას საბჭოს თავმჯდომარე, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა და მასში მონაწილეობდნენ საბჭოს მდივანი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, ასევე საბჭოს მუდმივი წევრები: თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე; ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი; დაზვერვის სამსახურის უფროსი, შალვა ლომიძე და თავდაცვის ძალების მეთაური, გიორგი მათიაშვილი.

სალომე ზურაბიშვილის გამოხმაურება

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარებას მიესალმა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

„უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ქვეყნის ინტერესების დასაცავად და საზოგადოების სიმშვიდისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გამოიყენოს ყველა, მის ხელთ არსებული ბერკეტი“, – დაწერა მან Facebook-ზე.

შენიშვნა: მასალა 2022 წლის 4 ნოემბერს, 17:25 სთ-ზე, პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოხმაურების შესაბამისად განახლდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button