ახალი ამბები

ბელარუსის ლიდერი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო 28 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და ბიჭვინთაში, რეგიონის ლიდერს, ასლან ბჟანიას შეხვდა და მასთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საერთაშორისო ასპარეზზე არსებული ვითარება, მიმდინარე გამოწვევები და საფრთხეები განიხილა.

ადგილობრივი სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე ასლან ბჟანიამ თქვა, ბელარუსის ლიდერის რეგიონში სტუმრობა „ორ ერს“ შორის ურთიერთობებს ახალ იმპულსს შესძენს.

„ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ისე, რომ ისინი ისეთი იყოს, როგორც კეთილ საბჭოთა დროს“, – წერს „აფსნიპრესი“ ბჟანიას სიტყვებზე დაყრდნობით.

ამავე ინფორმაციით, აფხაზეთის ლიდერმა 1996 წლის იანვარში, „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა გაერთიანების“ (СНГ) ლიდერთა შეხვედრაზე ლუკაშენკოს მიერ აფხაზეთისთვის ეკონომიკური ბოლოკადის გამოცხადების წინააღმდეგ გამოსვლაც გაიხსენა.

„თქვენ თქვით, რომ აფხაზეთის იზოლაცია, ეკონომიკური ბლოკადა არასწორი გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ აფხაზეთმა იცის და აფასებს. ჩვენ გვაქვს კარგი ადამიანური ურთიერთობები. ძალიან მოხარულები ვართ“, – მიმართა ასლან ბჟანიამ ბელარუსის ლიდერს.

„აფსნიპრესის“ ცნობით, თავის მხრივ, ლუკაშენკომ შეხვედრაზე წარსულში მისი რეგიონში ვიზიტი გაიხსენა და თქვა, რომ აფხაზეთის მიმართ ნოსტალგია მათ არასდროს ტოვებთ.

„გუშინ ჩვენ, ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინთან [რუსეთის პრეზიდენტთან] აფხაზეთის პრობლემებს განვიხილავდით. ჩვენ ამ საკითხებზე გვიან ღამემდე ვმსჯელობდით და ერთ დასკვნამდე მივედით, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება. მას უნდა დავეხმაროთ, რათა ეს აყვავებული მიწა, ხალხი, რომელიც აქ ცხოვრობს ნორმალურად ცხოვრობდეს“, – უთხრა მან ასლან ბჟანიას.

ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ მისი აფხაზეთში ვიზიტი რაიმე განსაკუთრებულ ვითარებას არ უკავშირდება. „ჩვეულებრივი მდგომარეობა გვაქვს. ჩვენ არანაირი გეოპოლიტიკით არ ვიტანჯებით. ჩვენც თქვენნაირი მშვიდობიანი, კეთილი, შრომისმოყვარე ხალხი ვართ და გვინდა ვიცხოვროთ ჰარმონიაში“.

მანვე აფხაზეთსა და ბელარუსს შორის მეგობრული ხიდების, ასევე სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისა და „ძალიან სერიოზული ურთიერთობების“ დამყარების სურვილსაც გაუსვა ხაზი.

ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსი და რუსეთი შეთანხმებულად მოქმედებენ და რომ რუსეთი მზად არის მხარდაჭერისთვის. „დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ვნახეთ როგორი გახდა სამყარო. მშვიდად ცხოვრების უფლებას არ მოგვცემენ. ამიტომ, მეგობრებთან ურთიერთობა უნდა გავამყაროთ“, – დასძინა მან.

თავის მხრივ, ასლან ბჟანიამ დაადასტურა, რომ მსოფლიოში მართლაც რთული ვითარებაა. „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. აფხაზეთის ყველა მოქალაქე შეშფოთებულია ამით. თქვენ ალბათ იცით, რომ ჩვენი მოქალაქეები დღეს დონბასში იბრძვიან. სამწუხაროდ, არიან გარდაცვლილებიც“, – განაცხადა მან.

ნიშანდობლივია, რომ ბელარუსის ლიდერის აფხაზეთში ვიზიტს 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 29-ე წლისთავზე, სოხუმსა და მოსკოვს შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა უძღვოდა წინ.

ოკუპირებული რეგიონების აღიარების საკითხი

ბელარუსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას არ აღიარებს. თუმცა, საგულისხმოა, რომ 2022 წლის ივნისში, ბელარუსმა საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.

2022 წლის თებერვალში, ლუკაშენკომ რუს ჟურნალისტთან, ვლადიმირ სოლოვიოვთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ გამორიცხავს საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას, „როგორც კი მე მივხვდები და პრეზიდენტი [ვლადიმირ პუტინი] მეტყვის, რომ ამის საჭიროებაა“. მაშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბელარუსის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება დღის წესრიგში არ დგას.

საგულისხმოა, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან ერთი წლის თავზე, 2009 წელს, ბელარუსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას განიხილავდა. თუმცა, საბოლოოდ, ლუკაშენკომ ეს ნაბიჯი არ გადადგა. მაშინ მან გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მოსკოვმა უარი თქვა იმ ნეგატიური შედეგების გაზიარებაზე, მათ შორის, სანქციების მიმართულებით, რომლებიც ბელარუსს ორი რეგიონის აღიარების შემთხვევაში დასავლეთისგან ელოდა.

რუსეთის გარდა, საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობას მხოლოდ სირია, ვენესუელა, ნაურუ და ნიკარაგუა აღიარებენ. ოფიციალური თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობა ცხინვალსა და აფხაზეთს საქართველოს განუყოფელ ტერიტორიებად მიიჩნევენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button