ახალი ამბები

პრეზიდენტი ბელარუსის ლიდერს აკრიტიკებს და ოკუპირებულ აფხაზეთზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 28 სექტემბერს, ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში სოხუმის დაცემის 29-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. მანვე აფხაზეთის შესახებაც ისაუბრა და ამ კონტექსტში საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ საუბრებს „რუსული თემა“ უწოდა.

ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა

,,არ შეიძლება, არ აღვნიშნო რამდენად მიუღებელი და შემაშფოთებელია ის, რაც დღეს მოხდა. ძალიან ცინიკური მიდგომაა, როცა აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტი ოკუპაციის კანონის დარღვევით, საერთაშორისო სამართლის ყველა წესისა და პრინციპის დარღვევით, ასევე, ჩვენი ვითომც მეგობრული ურთიერთობების დარღვევით ჩავიდა“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტის განცხადებით, ეს მაშინ ხდება, როდესაც რუსეთი „ჩვენს მეგობარ ქვეყანაში“, უკრაინაში, „ვითომც და „რეფერენდუმებით“ (რომელსაც ყველანი ერთხმად უნდა ვგმობდეთ) ცდილობს რაღაცნაირად ფეხი მოიკიდოს, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია“.

„ცინიკური ფორმაა ისიც, რომ ვითომც დემოკრატიულ პრაქტიკას იყენებ შენი სამხედრო და ძალადობრივი ოკუპაციის გასამყარებლად“, – დასძინა მან.

პრეზიდენტის თქმით, მოხარულია, რომ საკითხი გააჭიანურა და ბელარუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნას ხელი აქამდე არ მოაწერა. „ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი წესები, ჩვენი ტერიტორია, ჩვენი პრინციპები და ყველას უნდა მოვთხოვოთ, რომ დაიცვას ეს“, – ხაზი გაუსვა მან.

ოპოზიციის გამოხმაურება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, რომან გოცირიძემ თქვა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ჩასვლა ქართული ოცნების „მაამებლური პოლიტიკის“ შედეგია. მანვე ხელისუფლების მხრიდან პრინციპული პოზიციის დაჭერისა ად საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველყოფის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„პუტინის გოშია ლუკაშენკო, რომელიც პირდაპირ ასრულებს პუტინის დავალებას და კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ფაქტს რომ რუსეთი ყოველთვის იმას გააკეთებს, რაც მის ინტერესებშია და არასდროს ანგარიშს არ გაუწევს საქართველოს ხელისუფლების ამ მაამებლურ და მორჩილ პოზიციას“, – განაცხადა დეპუტატმა.

ბელარუსის ლიდერის ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლა „მკაცრად“ დაგმო ყოფილმა პრემიერმა და პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამაც. „ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა, რომელსაც მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ჩვენ ყველა მტკიცედ უნდა დავდგეთ ასეთი დარღვევების წინააღმდეგ“, – განაცხადა მან.

პარტია ლელოს განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ლუკაშენკოს „ვიზიტი“ მიანიშნებს საფრთხეზე, რომ „ბელარუსი უახლოეს მომავალში განიხილავს არაღიარების პოლიტიკის გადახედვას, რეალურია. პარტიამ ფაქტზე რეაგირების ხუთპუნქტიანი გეგმაც წარადგინა.

ლელოს 5-პუნქტიანი გეგმა

  1. საქართველომ კონსულტაციებისთვის გამოიწვიოს ბელარუსში საქართველოს მიერ აკრედიტირებული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
  2. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსს წარუდგინოს ოფიციალური ნოტა, რომლითაც ბელარუსის მხარეს მოსთხოვს ოფიციალური განცხადების გაკეთებას-საქართველოს სუვერენიტეტს აღიარებას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში;
  3. აღნიშნული მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დღის წესრიგში უნდა დადგეს ბელარუსის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსულტაციებზე გაწვევის საკითხი;
  4. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყონებლივ დაიწყოს კონსულტაციები ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბელარუსისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის გამკაცრების თაობაზე, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემთხვევაში.
  5. გაეროს და ეუთო-ს შესაბამის ფორმატებს და ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტს ეთხოვოს, აღნიშნულ ფაქტზე მსჯელობის გამართვა და აღნიშნულ ორგანიზაცებში ბელარუსის ელჩების გამოძახება, განმარტებების მისაცემად.

„ქართული ოცნების ე.წ. არ გაღიზიანების პოლიტიკა სრული კრახით დასრულდა და მიუხედავად ქართული ოცნების მცდელობისა, რუსეთი აგრძელებს თავისი ინტერესების [გატარებას]. ქართულმა ოცნებამ უნდა დააფიქსიროს არა მხოლოდ ლუკაშენკოსთან დაკავშირებული პოზიცია, არამედ რუსეთთან მიმართებითაც, რომლის ხსენება, სამწუხაროდ, საერთოდ გამქრალია“, – განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების დაბარებისკენ მოუწოდა.

„ეს არის ქართული სახელმწიფოს ძალიან დიდი შეურაცხყოფა, მსგავსი რამ აქამდე არ მომხდარა… ამის გამო, მაქსიმალურად ძვირი ფასი უნდა გადავახდევინოთ ბელორუსს და პირადად ალექსანდრ ლუკაშენკოს“, – განაცხადა მოქალაქეების დეპუტატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა.

ოკუპირებული აფხაზეთი

სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს, როდესაც აფხაზეთზე ვსაუბრობთ, „მზერა მომავლისკენ უნდა გვქონდეს, რომელიც ძალიან საინტერესოა“. „ისეთი რაღაცები ხდება დღევანდელ მსოფლიოში, რაც ალბათ ვერ წარმოგვედგინა და ბევრს კიდეც უჭირს ამის წარმოდგენა. ჩნდება ბევრი ახალი შესაძლებლობა და ამავე დროს, ბევრი საფრთხეც, მაგრამ ჩვენ იმის გამბედაობაც უნდა გვქონდეს, რომ დავინახოთ ის მსოფლიო, რომელიც იცვლება“.

მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთის ომიდან, ერთი თაობა უკვე გავიდა და ახალი თაობა მოვიდა, „ახალგაზრდობას და ყველას ერთად უნდა დავანახოთ რა არის პერსპექტივა და როგორია ის გაერთიანებული საქართველო, რომელზეც ვოცნებობთ“.

„მეტი ჩართულობა, მეტი ურთიერთგაცვლები, ამ ურთიერთობებში ჩასმული მეტი ეკონომიკა, რადგან თუ არ იქნება განვითარება, ეს ყველაფერი მაინც სიტყვებად დარჩება. მეტი კულტურა, რადგან კულტურა გვაერთიანებს“, – ხაზი გაუსვა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ საუბრები „რუსული თემაა“, რითაც რუსეთს სურს, რომ შეაშინოს აფხაზები, „ვითომ საქართველო მათთვის საფრთხეს წარმოადგენს“.

მისივე თქმით, „რუსეთის გარდა, მთელმა მსოფლიომ უკვე იცის, ვინ და სად არის საფრთხე. ის ამ თემით მანიპულირებას ცდილობს, მაგრამ მე ძალიან მიკვირს, როცა ჩვენ რაღაცნაირად ვეხმიანებით ამ აბსურდულ თემას“.

„დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთიდანაც ძალიან კარგად ხედავენ როგორია საქართველო და რომ ეს საქართველო რეალურად მომავლისათვის ნამდვილი გზაა – ჩვენ ვართ რეალური ხიდი და გზა ევროპისკენ“, – ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

მანვე დასძინა, რომ ჩვენ თუ შევალთ ევროპაში, რისი „ძალიან დიდი იმედი და რწმენა“ აქვს, „ჩვენი გაერთიანება ნამდვილად იქ მოხდება და ამ გზაზე ვიქნებით ერთიანნი“. „ეს არის ის, რაც უნდა გადავცეთ მათ [აფხაზებს], რასაც უნდა ვაშენებდეთ და რითიც ერთად უნდა ვიცხოვროთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button