ახალი ამბები

პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობენ ლოკაშენკოს ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთში

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ 28 სექტემბერს დაგმეს ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის ლიდერის, ალექსნდრე ლუკაშენკოს ჩასვლა.

პრეზიდენტის განცხადება

„მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკასენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში“, – დაწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ Twitter-ზე.

„ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაუშვებელი დარღვევაა“, – დასძინა მან.

საგარეო უწყების განცხადება

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ალექსანდრე ლუკაშენკოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩასვლისა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრის თაობაზე“, – განაცხადა ასევე დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

სამინისტრომ ასევე დაგმო „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით“ ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტი“ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში, რომელიც „უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს“.

„ბელარუსის მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

მანამდე, „პროტესტის ნიშნად“, საგარეო უწყებაში საქართველოში ბელარუსის ელჩი, ანატოლი ლისი დაიბარეს და ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლასთან დაკავშირებით ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვეს.


ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა 28 სექტემბერს და ბიჭვინთაში, რეგიონის ლიდერს, ასლან ბჟანიას შეხვდა. ადგილობრივი სააგეგნტო „აფსნიპრესის“ ცნობით, ბჟანიამ და ლუკაშენკომ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საერთაშორისო ასპარეზზე არსებული ვითარება, მიმდინარე გამოწვევები და საფრთხეები განიხილეს.

ბელარუსის ლიდერის აფხაზეთში ვიზიტს 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 29-ე წლისთავზე, სოხუმსა და მოსკოვს შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა უძღვოდა წინ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button