skip to content
ახალი ამბები

მოსამართლეები სასამართლო სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობენ

საერთო სასამართლოების 310-ზე მეტმა მოსამართლემ 28 ივნისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნა, რომ ცალკეული პოლიტიკური პარტიების, „მათი გავლენის ქვეშ მყოფი მედიასაშუალებებისა“ და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმდინარე „პოლიტიკურად მოტივირებული, მიზანმიმართული დეზინფორმაციის“ კამპანიის მიზანი სასამართლო ხელისუფლების „დისკრედიტაციაა“.

„სასამართლო ხელისუფლება საქართველოში არასდროს ისეთი დამოუკიდებელი არ ყოფილა, როგორიც არის დღეს“, – განაცხადეს მოსამართლეებმა და იქვე გამამართლებელი განაჩენების ზრდაზე, წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებლისა და მოქალაქეების მხრიდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვიანობის შემცირებაზე გაამახვილეს ყურადღება.

ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით IPSOS France-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ სასამართლო რეფორმის სამივე ტალღის მიმართ „საზოგადოებრივი აღქმის დადებითი ტენდენციები“ გამოკვეთა. „საქართველოს მოსახლეობის 51 პროცენტმა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი დადებითად შეაფასა“, – აღნიშნეს მოსამართლეებმა და ხაზი გაუსვეს, რომ ეს მაჩვენებელი „ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ევრობარომეტრის 2018 წლის კვლევის საშუალო მონაცემს (52%) შეესატყვისება“.

განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გარშემო აზრთა სხვადასხვაობას მოჰყვა. მიუხედავად საქართველოში აშშ-ის საელჩო და სამოქალაქო სექტორის განცხადებებისა, რომ მოსამართლეთა გამწესება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პარლამენტი მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს.

ერთობლივი მიმართვის მოსამზადებლად მოსამართლეები იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გუშინ შეიკრიბნენ. დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე დამსწრე მოსამართლის მოსაზრებით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების ბოლოდროინდელი ქმედებები სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის პრინციპებს ეწინააღმდეგება. მისი ეს განცხადება, სავარაუდოდ, მოსამართლეთა დანიშვნების შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის კრიტიკული შენიშვნებისკენ იყო მიმართული.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button