skip to content
ახალი ამბები

პროკურატურამ სოსო გოგაშვილს ბრალი დაუმძიმა 

საქართველოს პროკურატურამ 11 ოქტომბერს განაცხადა, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, იოსებ (სოსო) გოგაშვილს სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურებისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დამატებითი ბრალი წარუდგინეს.

სოსო გოგაშვილი 2022 წლის 16 ივლისს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი 18 ივლისს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის მუხლებით წარუდგინა.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ამ მომენტისთვის, გოგაშვილს ბრალი 157-ე (მე-4); 1571-ე (I); 236-ე (მე-3); 320-ე (I) და 333-ე (I) მუხლებით ედება, რაც სასჯელის სახით 4-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის განმარტებით, დამატებითი ბრალის წარდგენა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უკანონოდ გატანილი საიდუმლო მასალები საკუთარ სახლში შეინახა, რითაც სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების საფრთხე შექმნა, ხოლო ინფორმაციის ნაწილი – პერსონალური მონაცემები – საჯარო სივრცეში მისი მონაწილეობით გავრცელდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ამავე ინფორმაციით, გოგაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უკანონოდ გატანილი საიდუმლო ინფორმაციის ნაწილი სხვა პირს გადასცა, რითაც მან განზრახ გათქვა სახელმწიფო საიდუმლოება.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გოგაშვილს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული არაერთი პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეომასალა, რომლებსაც მის კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში უკანონოდ ინახავდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button