skip to content
ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრი უსაფრთხოების სამსახურის FSB-სთან თანამშრომლობას უარყოფს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა უარყო ტელეკომპანია „პირველის“ მიერ 10 სექტემბერს გაშვებულ სიუჟეტში გაჟღერებული ბრალდება, რომლის თანახმადაც 2016-2017 წლებში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები FSB-დან რუს კოლეგებს ფარულად შეხვდნენ. იმ დროს უსაფრთხოების სამსახურს სწორედ ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობდა.

გოგაშვილი აცხადებს, რომ უსაფრთხოების სამსახური FSB-სთან თანამშრობლობდა (იხილეთ დეტალები)

ტელეკომპანია „პირველის“ სიუჟეტი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის ბრალდებებს ეფუძნება, რომლებიც მოგვიანებით მისმა დაცვის უფროსმა, ალექსანდრე სამხარაძემაც დაადასტურა.

გოგაშვილის მთავარი ბრალდებები

  • იგი FSB-ს გენერალს, ალექსეი სედოვს ვლადიკავკაზში 2016 შეხვდა, რათა უსაფრთოების სამსახურის მაშინდელ უფროსს, ვახტანგ გომელაურსა და FSB-ს დირექტორს, ალექსანდრე ბორტნიკოვს შორის შეხვედრა მოემზადებინა. გოგაშვილის თქმით, მას ეს ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა დაავალა.
  • გოგაშვილის თქმით, ვლადიკავკაზში აირზენას თვითმფრინავით გომელაურის გადაფრენის შემდეგ, ინფორმაციის გაჟონვის დაზღვევის მიზნით, „ორივე პილოტი მოსმენაზე დასვეს“.
  • მისივე თქმით, 2017 წელს, რუსეთის FSB-ს ორი გენერალი, სედოვი და სერგეი ბესედა გომელაურმა საქართველოში მიიღო და მათ მცხეთაში საკუთარ რესტორანში უმასპინძლა. შემდეგ კი თბილისში დაბრუნდნენ და დღე ერთ-ერთ კლუბში დაასრულეს.
  • მეორე შეხვედრა ბოტნიკოვსა და გომელაურს შორის, სავარაუდოდ, მინსკში 2017 წელს გაიმართა, თუმცა გოგაშვილს შეხვედრის შინაარსის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

რაც შეეხება თანამშრომლობას, გოგაშვილი აღნიშნავს, რომ:

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა FSB-სთან შეათანხმა თბილისში შვეიცარიის საელჩოსთან რუსეთის ინტერესების სექციის იმ თანამშრომლის სახელი, რომელიც ქვეყნიდან უნდა გაეძევებინათ სოლსბერის თავდასხმის საპასუხოდ.
  • გოგაშვილის თქმით, ივანიშვილმა და მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ირაკლი კვირიკაშვილმა მას ელჩობის დაბლოკილ კანდიდატებზე საგარეო საქმეთა სამინისტროში თანხმობის გაგზავნა მოსთხოვეს. გოგაშვილმა აღნიშნა, რომ ორივე კანდიდატი საქართველოს კონტდაზვერვას რუსი აგენტების სიაში ყავდა შეყვანილი.

ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა სიუჟეტში გაჟღერებულ ბრალდებებს „სრული სიცრუე“ უწოდა. „ბატონი ბიძინა [ივანიშვილი] მას ვერაფერს ვერ დაავალებდა, რადგან მას არ იცნობდა მას“, – განაცხადა გომელაურმა.

„როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, მე ვიყავი ხელმძღვანელი მაგ დროს და რატომ დაავალებდა ადამიანს რამეს, რომელსაც არ იცნობდა“, – აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ მისთვისაც არ დაუვალებია არაფერი.

მინისტრის თქმით, გოგაშვილს რამე მტკიცებულება თუ აქვს, უნდა გამოაქვეყნოს. ჟურნალისტის კითხვაზე, მართლა რომ გამოჩნდეს ასეთი მტკიცებულება, გომელაურმა უპასუხა, რომ ეს ვერ მოხდება, რადგანაც ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

შეხვედრები ვლადიკავკაზში, მინსკსა და თბილისში

ჟურნალისტის კითხვაზე მართლა სტუმრობდა თუ არა ის ვლადიკავკაზს და მინსკს, მინისტრმა უპასუხა, რომ ვლადიკავკაზში არ ყოფილა, ხოლო მინსკს წარსულში ხუთჯერ თუ ექვსჯერ ესტუმრა. გომელაურის თქმით, მას იქ რუსეთის სპეცსამსახურებთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. „ოფიციალურ შეხვედრებზე ჩავდიოდით და ვხვდებოდით ჩვენს კოლეგებს“, – აღნიშნა მან.

მინსკში 2018 წლის ვიზიტთან დაკავშირებით, შს მინისტრმა განაცხადა, რომ იგი მინსკს სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად ბელარუსის დამოუკიდებლობის 100 წლისთავზე სტუმრობდა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ იქ ყოფნის დროს რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს არ შეხვედრია, თუმცა აღიარა, რომ FSB-ის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ იმ დროს მინსკში.

შინაგან საქმეთა მინისტრმა უარყო გოგაშვილის განცხადება, რომ მან FSB-ს წარმომადგენლებს თბილისში, ასევე მცხეთაში საკუთარ რესტორანში უმასპინძლა და განაცხადა, რომ არასდროს ჰქონია საკუთარი რესტორანი მცხეთაში.

ელჩების დანიშვნები

როდესაც ჟურნალისტებმა გომელაურს ქართული კონტრდაზვერვის მიერ რუსი აგენტების სიაში შეტანილი ორი პირის ელჩებად დანიშვნის თაობაზე გოგაშვილის განცხადებაზე ჰკითხეს, მინისტრმა ეს ბრალდებებიც უარყო.

მისი თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც რომელიმე კანდიდატი ამა თუ იმ ქვეყნისთვის მიზანშეწონილად არ მიიჩნეოდა, თუმცა „ეგეთი რაღაც არ ყოფილა, თორემ დაიბლოკებოდა“.

მოწოდება გამოძიებისკენ

რაც შეეხება საგამოძიები კომისიის შექმნის საკითხს, გომელაურმა აღნიშნა, რომ იგი ამის წინააღმდეგი არ არის.

„თუ შეიქმნება საგამოძიებო კომისია, შეიქმნას. მე მივალ და პასუხებს გავცემ“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button