skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოები მმართველი პარტიის მიერ არჩევნების გაყალბების სავარაუდო სქემაზე საუბრობენ

არასამთავრობო ორგანიზაციები – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 21 ივლისს გამოქვეყნებულ ერთობლივ კვლევაში ამომრჩეველთა მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების სავარაუდო სქემაზე საუბრობენ.

კვლევა ორგანიზაციებისთვის ე.წ. მამხილებლის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ (სოსო) გოგაშვილის მიერ გადაცემულ მასალებს ეყრდნობა, რომლებიც, სავარაუდოდ, ქართული ოცნების მიერ შექმნილი ელექტრონული ფოსტის (securgd@gmail.com) 2018-2019 წლების კორესპონდენციასა და 2020 წლით დათარიღებულ დოკუმენტაციას მოიცავს. ამასთან, მათ საჯარო ინფორმაციის მეშვეობით დოკუმენტებში არსებული გარკვეული მონაცემები თავადაც გადაამოწმეს.

საგულისხმოა, რომ სოსო გოგაშვილმა, რომელიც სამართალდამცველებმა 16 ივლისს დააკავეს, ერთი დღით ადრე Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში ამხილა და თქვა, რომ გაყალბების „მთლიანი სტრუქტურის“ შესახებ მტკიცებულებები „ყველა შესაბამის ორგანიზაციას“ გადასცა.

კვლევის ავტორების განცხადებით, კვლევისას მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლების ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა გამოვლინდა, რომლითაც, „მაღალი ალბათობით დასტურდება სახელმწიფო უწყებების (მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების) საარჩევნო/პარტიული მიზნებით გამოყენება“.

„ამ უწყებების მეშვეობით სავარაუდოდ გროვდებოდა პერსონალური ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეების შესახებ, სავარაუდოდ მომავალში მათზე ზეწოლის მიზნით. გარდა ამისა, არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მეშვეობით ხდებოდა მოქალაქეების წინასწარ მოთხოვნილი შეღავათებით და სხვა ტიპის სარგებლით უზრუნველყოფა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

უფრო კონკრეტულად, დოკუმენტში ნათქვამია, მმართველი პარტიის წარმომადგენლები მოქალაქეებს სავარაუდოდ სთავაზობდნენ პირობითი მსჯავრის გაუქმებას; პენიტენციური დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას; შეჩერებული/ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენას; მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდების შემსუბუქებას (გადაკვალიფიცირებას); სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებას, წვევამდელთა სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულების გადავადებას და სხვ.

კვლევის ავტორების თქმით, პრობაციის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან დასტურდება, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, განსაკუთრებით მეორე ტურის და შემდეგ თვეებში, საგრძნობლად გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც პირობითი მსჯავრი გაუუქმეს და სატრანსპორტო საშუალების მართვის ჩამორთმეული უფლება აღუდგინეს. „გარდა ამისა, სხვადასხვა ტელეკომპანიის მიერ გაკეთებულ რეპორტაჟებში ბევრმა პირმა დაადასტურა დოკუმენტებში მოყვანილი გარემოებები“.

ამასთან, კვლევის თანახმად, ქართული ოცნება, დიდი ალბათობით, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების შესახებ ინფორმაციასაც აგროვებდა და იმითაც ინტერესდებოდა, „თუ რა სახის ზემოქმედება შეიძლება მოეხდინა მათზე სხვადასხვა სახელმწიფო რესურსის გამოყენებით“.

გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, მმართველი პარტია, სავარაუდოდ, სუს-თან ერთად საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა, მათ შორის, საჯარო სკოლების დირექტორებისა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების პოლიტიკურ დოსიეებსაც ადგენდა და საკადრო პოლიტიკას მათზე დაყრდნობით ატარებდა.

„ამის ტიპურ მაგალითად საჯარო სკოლების დირექტორების პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია შეიძლება მივიჩნიოთ. 2020 წლის შემოდგომიდან 2021 წლის აგვისტომდე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მინიმუმ 112 საჯარო სკოლის დირექტორი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად აღარ დანიშნა“, – ნათქვამია დოკუმენტში და იქვე განმარტებულია, რომ ამ 112 პირიდან გოგაშვილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებში 95 დირექტორი იყო შეფასებული.

არასამთავრობოების თქმით, მათთვის გადაცემული მასალები ე.წ. „მოხსენებით ბარათებსაც“ მოიცავდა, რომელთა თანახმადაც, ქართული ოცნების რეგიონული ხელმძღვანელები პარტიის ხელმძღვანელების სახელზე – ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, დიმიტრი სამხარაძე – განცხადებას წერდნენ და საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის სამართალდამცველი უწყებების თანამშრომელთა საარჩევნო შტაბში გადაყვანას ითხოვდნენ.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების“ თქმით, გოგაშვილის მიერ მიწოდებული მასალები, რომლებიც „შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს“, სრულად პროკურატურას გადასცეს, რაც მათი შეფასებით, ეფექტიანი გამოძიების დაწყების წინაპირობა უნდა გახდეს.

ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ მმართველმა პარტიამ უარი უნდა თქვას, სახელწმიფო რესურსების გამოყენებით ამომრჩეველთა მოსყიდვაზე; საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა პოლიტიკური ნიშნით დისკრედიტაციასა და მათ საარჩევნო აგიტაციაში ჩართვის „უკანონო და მანკიერ“ პრაქტიკაზე.

  • კვლევის სრულად სანახავად და ე.წ. მამხილებლის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გადაცემული დოკუმენტაციის გასაცნობად მიჰყევით ბმულს.

ირაკლი კობახიძის გამოხმაურება

არასამთავროების მიერ გამოქვეყნებულ მასალებს „სრული აბსურდი“ უწოდა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 21 ივლისს ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას. „ასეთ დოკუმენტებს შევქმნი ხვალვე და ნებისმიერ ტელევიზიაში შეგვიძლია დავატრიალოთ. ეს არის და ეს, მეტი არაფერი“, – თქვა მან.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, ქართული ოცნება პასუხს აგებს იმაზე, რომ „არჩევნები სათანადოდ ტარდება“ და „დანარჩენი არის სპეკულაციები“. მანვე „სამართლიანი არჩევნების“ მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის შედეგებში აღმოჩენილი ცდომილება გაიხსენა და თქვა, ორგანიზაციას „თავისი ცოდვები“ აქვს, რის გამოც, ცდილობს, რომ „ხავსს მოეჭიდოს“.

შენიშვნა: მასალა 2022 წლის 22 ივლისს, 17:30 სთ-ზე, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გამოხმაურების შესაბამისად განახლდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button