არასამთავრობოები საქართველოსა და რუსეთის სპეცსამსახურების სავარაუდო კავშირზე გამოძიებას ითხოვენ
არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი პარლამენტში სპეციალური საგამოძიები კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც 2016-2017 წლებში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა (სუსი) და რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურს (FSB) შორის შესაძლო უკანონო კონტაქტების საკითხს შეისწავლის.
ბრალდებები პირველად ტელეკომპანია „პირველის“ მიერ 10 სექტემბერს გაშვებულ სიუჟეტში გაჟღერდა, რომლის თანახმადაც 2016-2017 წლებში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები FSB-დან რუს კოლეგებს ფარულად შეხვდნენ.
გამოძიებას საფუძვლად დაედო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ გოგაშვილის განცხადებები, რომლებიც მოგვიანებით მისმა დაცვის უფროსმა, ალექსამდრე სამხარაძემ დაადასტურა.
გოგაშვილის თქმით, ორი ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლების საუბრის თემა იყო რუსული კონტრაბანდისთვის უსაფრთხო დერეფნების მოწყობა, რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება და რუსეთის მიერ ძებნილი პირების არალეგალური გადაცემა.
აღნიშნეს რა, რომ წლების განმავლობაში გახმაურებული საქმეების შესახებ ინფორმაცია „აჩენს კითხვებს პროკურატურის არაეფექტიანი და ზოგიერთ შემთხვევაში, შერჩევითი რეაგირების შესახებ“, ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ პარლამენტში უნდა შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც „სიუჟეტში აღწერილ გარემოებებს სათანადოდ გამოიძიებს“.
ორგანიზაციებმა ხაზი გაუსვეს, რომ დადასტურების შემთხვევაში, სავარაუდო დანაშაულები „საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას“.
განცხადებას ხელს აწერენ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, უფლებები საქართველო, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ღია საზოგადოების ფონდი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა და ადამიანის უფლებათა ცენტრი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)