ახალი ამბები

გოგაშვილის მიერ არასამთავრობოებისთვის გადაცემულ მასალებზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 1 აგვისტოს „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურეს, რომ ხელისუფლების მხრიდან ამომრჩეველთა მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების სავარაუდო შემთხვევების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ (სოსო) გოგაშვილის მიერ არასამთავრობოებისთვის გადაცემულ მასალებზე გამოძიება დაიწყო.

პროკურატურის ცნობით, გამოძიება სამსახურებრივი უფლების ბოროტად გამოყენების (332-ე), სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების (333-ე) და ამომრჩევლის მოსყიდვის (1641-ე) მუხლებით მიმდინარეობს.


არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ გოგაშვილის მიერ მათთვის მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით 21 ივლისს ერთობლივი კვლევა გამოაქვეყნეს და განმარტეს, რომ მასალის შესწავლისას, მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლების ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა გამოვლინდა, რომლითაც, „მაღალი ალბათობით დასტურდება სახელმწიფო უწყებების (მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების) საარჩევნო/პარტიული მიზნებით გამოყენება“.

„ამ უწყებების მეშვეობით სავარაუდოდ გროვდებოდა პერსონალური ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეების შესახებ, სავარაუდოდ მომავალში მათზე ზეწოლის მიზნით. გარდა ამისა, არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მეშვეობით ხდებოდა მოქალაქეების წინასწარ მოთხოვნილი შეღავათებით და სხვა ტიპის სარგებლით უზრუნველყოფა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

არასამთავრობოებმა მაშინ განაცხადეს, რომ გოგაშვილის მიერ მათთვის მიწოდებული მასალები, რომლებიც „შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს“, სრულად პროკურატურას გადასცეს. პროკურატურას გოგაშვილის მიერ გავრცელებულ „დანაშაულის ნიშნების შემცველ ყველა ფაქტსა და ინფორმაციაზე“ დაუყოვნებლივი გამოძიების დაწყებისკენ 11-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ 29-ივლისსაც მოუწოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button