Placeholder canvas
ახალი ამბები

პრემიერის გაეროში გამოსვლას პოლიტიკოსები აფასებენ

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 22 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაზციაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე, უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერაზე, მშვიდობიან სამეზობლო პოლიტიკაზე, სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის წამყვან პოზიციებზე ისაუბრა. მანვე ქვეყნის ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზეც გაამახვილა ყურადღება.

გაეროში პრემიერის გამოსვლა მმართველი გუნდისა და ოპოზიციის განსხვავებული შეფასებები მოჰყვა, სამოქალაქო საქართველო საკითხზე მხარეთა პოზიციებს გთავაზობთ:

მმართველი გუნდის შეფასება

გია ვოლსკი – ქართული ოცნება/პარლამენტის ვიცე-სპიკერი: „ოპონენტების გამონათქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ 12 მუხლი არ სრულდება, რეალობაში სულ სხვა გვაქვს, 12 მუხლთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირმა გადმოგვცა, რასაკვირველია, არათუ არასწორია და უსაფუძვლოა, არამედ რაღაცა უსუსურ გაბრძოლებას ჰგავს, იმ ფონზე, როდესაც ყველა საკითხთან დაკავშრებით, მათ შორის, პარლამენტში, მათ შორის, მიმდინარე მუშაობის ფორმატში, ყველა საკითხს გაეცა პასუხი. მაღალი დონის პროექტებია მომზადებული ყველა მიმართულებით და ამაზე ისაუბრა პრემიერმა“.

მიხეილ სარჯველაძე – ქართული ოცნებa/ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე: „ეს იყო ერთ-ერთი გამორჩეული და მართლაც დასაფასებელი გამოსვლა. იყო ყველაფერთან დაკავშირებით საუბარი, რაც ყველაზე მეტად პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია. პირველი ეს არის საგარეო ორიენტირები ქვეყნის განვითარებისა და ტრაექტორია, რომლითაც მოძრაობს ჩვენი ქვეყანა და ამ თვალსაზრისით ვფიქრობ იყო აბსოლუტურად ცხადი და მკაფიო განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ სად არის საქართველო და საით მიემართება მისი სამომავლო განვითარება. მეორე, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია, ეს იყო სუვერენული სახელმწიფოს, ჭეშმარიტი, ღირსეული სახელმწიფოს, ღირსეული პირველი პირის გამოსვლა“.

გივი მიქანაძე ქართული ოცნება: „ეს იყო პრემიერის, როგორც ქვეყნის მეთაურის ძალიან წარმატებული გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, რომელსაც 200-მდე ქვეყნის ლიდერი ისმენდა და შესაძლებლობა იყო საზოგადოების ყურადღების აქცენტირება იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, სადაც საქართველომ ძალიან არსებით პროგრესს მიაღწია, ისევე, როგორც იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა საქართველოსთვის მინიჭებულ ევროპულ პერსპექტივაზე და 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაზე, რომელზეც პარლამენტი და მთელი პოლიტიკური სპექტრი აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ საქართველომ უახლოეს პერიოდში მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“.

ოპოზიციის შეფასება

გიორგი ბოტკოველი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „არ ვიცი რამდენ ხანს ანდომებს ხოლმე, რომ მოემზადოს, როდესაც ან ამერიკის შეერთებულ შტატებში მიდის, ან ევროპის რომელიმე ქვეყანაში, რომ იქ სხვანაირად წარმოაჩინოს თავი, მაგრამ რეალურად, ყველამ გაიცნო ძალიან კარგად, რას წარმოადგენს ე.წ. პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი და მთლიანად ქართული ოცნების მთავრობა. ამიტომ, ჯობია ის, რომ რეალურად იზრუნონ ამ ქვეყნის განვითარებაზე, რაც უფრო მეტად გაახარებს ჩვენს პარტნიორებს, მაგრამ მათი მხრიდან რამე ქართული სახელმწიფოს განვითარებაზე ან იმ რეალური საქმის კეთებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას სახელს მოუტანს, როგორც გარეთ, ისე შიგნით, ეკონომიკას ააღორძინებს, ამაზე არ ზრუნავს ქართული ოცნება“.

ხათუნა სამნიძე – რესპუბლიკური პარტია: „პრემიერი, რა თქმა უნდა, არ ლაპარაკობს ჩვენს პარტნიორებთან იმ სამარცხვინო გადაწყვეტილებებზე, რაც არის, მაგალითად, სამუშაო ჯგუფებიდან არასამთავრობო ორგანიზაციების გაგდება, ასე ვთქვათ. ეკონომიკა ვითარდება კი არა, ქვეყანაში ისეთი სოციალური ფონია… გასაგებია, რომ ამაზე არ ილაპარაკებს პრემიერი ღიად, მაგრამ ის მაინც გააკეთოს, რომ ილაპარაკოს იმ პოლიტიკურ საკითხებზე და გამოწვევებზე ჩვენს პარტნიორებთან, სადაც მათი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე, ძალიან რთული იქნება დემოკრატიული განვითარება“.

პაატა მანჯგალაძე – სტრატეგია აღმაშენებელი: „იმას, რასაც ამერიკაში ამ ტრიბუნიდან საუბრობდა პრემიერმინისტრი, როგორც ჩანს, გურამ მაჭარაშვილს და იმ ოთხეულს უმალავენ, ან უმალავენ ქართული ოცნების პროპაგანდისტებს. ესენი საუბრობდნენ, რომ დიდის სახელმწიფო, ამერიკა ომს გვაძალებსო, არადა, თურმე პრემიერმინისტრმა სხვანაირად ილაპარაკა და სინამდვილეში, სხვანაირად ყოფილა საქმე. ამიტომ, ნუ მოვექცევით ქართული ოცნების პროპაგანდის ქვეშ. ქართული ოცნება არის პრორუსული ძალა“.

ანა ბუჩუკური – საქართველოსთვის: „მაშინ, როდესაც ის საუბრობდა იმაზე, რომ, თურმე, 12 პუნქტის შესრულება სრულყოფილად მოხდება მისი გუნდის მხრიდან, მაგის პარალელურად ვხედავთ აქ პროცესებს, რომ ძირითად შემთხვევებში, ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმებისგან თავს იკავებს მისი პარტია; მაშინ, როდესაც ის საუბრობს ეკონომიკურ დუღილზე, მათ შორის, გაეროში, ნუ, წარმოუდგენელი ფრაზა თქვა, ზუსტად ამ დროს, საქართველოდან ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები გარბიან, იმიტომ, რომ პერსპექტივას ვერ ხედავენ ქვეყანაში“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button