ახალი ამბები

პრემიერმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მონაწილეებს მიმართა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 22 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაზციაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე, უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერაზე, მშვიდობიან სამეზობლო პოლიტიკაზე, სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის წამყვან პოზიციებზე ისაუბრა. მანვე ქვეყნის ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზეც გაამახვილა ყურადღება.

ოკუპაცია

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, რასაც ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოჰყვა, საერთაშორისო თანამეგობრობამ „ეს აგრესია აღიარა“, თუმცა „ვისწავლეთ, რომ მსოფლიო დემოკრატიებმა ერთად უნდა იმოქმედონ თავისუფლებისა და მშვიდობის გამარჯვების უზრუნველსაყოფად“.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იმისათვის შეიქმნა, რომ მომდევნო თაობები ომის უბედურებისგან ვიხსნათ და სახელმწიფოების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დავიცვათ. ეს ჩვენი მოვალეობა და დაპირებაა“, – დასძინა მან.

პრემიერმა ღარიბაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით ყველა შესაძლებლობას იყენებს „მშვიდობის სფეროში წინსვლის მისაღწევად“.

ამ კონტექსტში მან 2008 წელს, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფისთვის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობა აღნიშნა და დასძინა, რომ „საქართველო აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“.

„დღეს, აქ, გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეაზე, პირდაპირ მინდა მივმართო ჩემს აფხაზ და ოს ძმებს და დებს და კიდევ ერთხელ ვუთხრა მათ, რომ ჩვენი ძალა ერთობაშია, ჩვენ ერთად ავაშენებთ საქართველოს და მშვიდობიანად გადავაქცევთ მას აყვავებულ, თავისუფალ და ერთიან ევროპულ სახელმწიფოდ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ გზაზე სვლას აგრძელებს და, რომ საქართველოს მიერ „ამ მიზნების ერთგულება ეფუძნება განხორციელებულ მოქმედებებსა და რეალურ შედეგებს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცესა და ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმს“.

„გაზრდილი ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია ჩვენი გზაა ევროპული ერების ოჯახში დაბრუნებისკენ, რომლებთანაც ვიზიარებთ ისტორიას, კულტურას და, რაც მთავარია, ღირებულებებს“, – ხაზი გაუსვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამ კონტექსტში, მან საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ განაცხადის შეტანაც აღნიშნა და დასძინა, რომ „საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ახალი სამიზნე ორიენტირები დასახა“. „ისევე, როგორც წარსულში, საქართველო გადაჭარბებით შეასრულებს მათ“.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა ძლიერი მოტივაციაა „ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის“ და რომ „სრულად ვაცნობიერებთ“ იმ „უზარმაზარ პასუხისმგებლობას“, რაც ევროპულ პერსპექტივას მოჰყვება ევროკავშირთან უმაღლესი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი თავსებადობის კუთხით.

ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე საუბრისას, პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვამ, რომ „საქართველომ მყისიერად მოახდინა რეაგირება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე და ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა“.

ამ კონტექსტში მანვე განმარტა, რომ „ყველა პრიორიტეტული მიმართულებისთვის შექმნილია სამუშაო ჯგუფები ყველა შესაბამისი დაინტერესებული წრისა და მხარის მონაწილეობით“. „ინკლუზიური პროცესი უზრუნველყოფს ხელისუფლების ყველა შტოს, ასევე ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების სრულ ჩართულობას“, – დასძინა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, სწორედ 2012 წელს, ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლიდან გატარებული ამბიციური რეფორმების დღის წესრიგმა დაგვაახლოვა „ევროკავშირთან, შეერთებულ შტატებთან, ნატოსა და გაეროსთან“. „დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, საქართველომ პირველად გაიარა მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის უპრეცედენტო ათწლეული“.

აღნიშნა რა, რომ „წინსვლა გვაქვს და გრაფიკსაც ვუსწრებთ წინ“, პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რომელიც საბოლოოდ მასში გაწევრიანებას მოგვიტანს და თაობათა ოცნებას რეალობად აქცევს.

ადამიანის უფლებების დაცვა

ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაზე საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ამ მიმართულებით 2022-2030 წლებისთვის ახალი ეროვნული სტრატეგია აქვს, რომელიც მისივე თქმით, „საერთაშორისო პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივ ორგანიზაციებთან განხილვის შემდეგ“ დაამტკიცეს.

მისივე განმარტებით, ეს „ყოვლისმომცველი დოკუმენტი“ ადამიანის ყველა ძირითად უფლებასა და თავისუფლებას მოიცავს, „ეს სტრატეგია მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების შემდგომი გაუმჯობესების მიმართულების განსაზღვრას და შეესაბამება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს“.

უკრაინის მიმართ მხარდაჭერა

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებულ ომზე საუბრისას, პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ „რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი ძირს უთხრის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს“.

„უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტმა აჩვენა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება ევროატლანტიკური უსაფრთხოების დღის წესრიგის სათავეშია, ხოლო საქართველო, როგორც ამ რეგიონული არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი, მზადაა გაზარდოს თავისი წვლილი საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, – განაცხადა პრემიერმა.

მანვე საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერაზეც გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „საქართველო დგას უკრაინის გვერდით“. „ომის დაწყების დღიდან, ჩვენმა მთავრობამ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა უკრაინას, როდესაც 1 000 ტონაზე მეტი ტვირთი გაუგზავნა მას. საქართველო უზრუნველყოფს ფინანსურ დახმარებას ამჟამად ჩვენთან მცხოვრები 32 ათასზე მეტი უკრაინელისთვის და მათ დაბინავებას“, – განაცხადა მან.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში 1 500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლეა ჩარიცხული, რომელთაგან ბევრი „ცოდნას უკრაინულ ენაზე იღებს სტანდარტული უკრაინული სასწავლო გეგმის შესაბამისად“.

მანვე საერთაშორისო დონეზე საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ გამოხატული მხარდაჭერაც გაიხსენა და თქვა, რომ საქართველო უკრაინის მხარდამჭერ თითქმის 400 რეზოლუციას, განცხადებას, თუ ერთობლივ პოზიციას შეუერთდა. „მათ შორის, ვიყავით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ გაეროს 76-ე რეზოლუციის მთავარ მხარდამჭერებს შორის“.

„ევროკავშირის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ 2014 წელს დაწესებულ შემზღუდველ ზომებს მივუერთდით, ხოლო წელს ეს ნორმა გავრცელდა დონეცკსა და ლუგანსკზეც“, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანვე საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში გაიხსენა, რომელიც „ცხადყოფს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულ შესაბამისობაში არიან შეერთებული შტატებისა და სხვათა მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან“.

მშვიდობიანი სამეზობლო პოლიტიკა

აღნიშნა რა, რომ უსაფრთხოებას მოაქვს სტაბილურობა, პრემიერმა ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „რაც უფრო პროგნოზირებადი გახდება შავი ზღვის რეგიონი, მით უფრო მეტად შევძლებთ მისი ეკონომიკური პოტენციალის გახსნას ჩვენი ხალხისა და გლობალური ეკონომიკის სასარგებლოდ“.

მისივე თქმით, სწორედ ამ მიზეზით საქართველო ავითარებს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფნებს და ევროპელ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობას იღებს რამდენიმე საერთაშორისო ინიციატივაში და ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომლებიც გააუმჯობესებენ ჩვენს კავშირს და ხელს შეუწყობენ სანდო და ქმედით სავაჭრო კავშირებს შავი ზღვის ზოლში.

„რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, ძალისხმევას არ ვიშურებთ მეზობლებს შორის ურთიერთობის მოგვარებისთვის. წარმატებული შემთხვევები უკვე გვქონდა. მათ შორისაა 15 სომეხი სამხედრო ტყვე, რომელთა უსაფრთხო დაბრუნება მოხდა აზერბაიჯანის დანაღმული ტერიტორიების რუკების სანაცვლოდ“, – განაცხადა პრემიერმა.

მანვე 2022 წლის ივლისში, თბილისში, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაც გაიხსენა და დასძინა, რომ „მზად ვართ, მოვიაზრებოდეთ დიალოგის ცენტრად, რათა ესოდენ საჭირო მშვიდობა და სტაბილურობა დამკვიდრდეს ჩვენს რეგიონში“.

„ამ განზრახვით, საქართველო ხელს უწყობს მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს მონაწილეობას ითვალისწინებს. ის არ ანაცვლებს და არც ეწინააღმდეგება ან უპირისპირდება თანამშრომლობის სხვა ფორმატებს. სამაგიეროდ, საქართველო იმედოვნებს, რომ იქნება პატიოსანი შუამავალი, რომელიც დაეხმარება რეგიონული ურთიერთობების ნორმალიზებას“, – ხაზი გაუსვა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button