ახალი ამბები

დეგნანი აშშ-საქართველოს პარტნიორობაზე, ევროკავშირის წევრობის განაცხადსა და აშშ-ის მიმართ თავდასხმებზე საუბრობს

თბილისის მე-6 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში 6 სექტემბერს გამართულ საპანელო დისკუსიაზე, რომელსაც მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ეველინ ფარკასი უძღვებოდა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებში დახმარების კუთხით ამერიკის შეერთებული შტატების როლზე, აშშ-ის მიმართ ქართული ოცნების თავდასხმებსა და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ისაუბრა.

აშშ-ის ერთგულება საქართველოს მიმართ

„30 წელია ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ არა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, არამედ ქართველ ხალხს, რათა მათ სტაბილური დემოკრატია ააშენონ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ ინტერესს წარმოადგენს საქართველოში“, – განცხადა აშშ-ის ელჩმა.

მისი თქმით, აშშ-ის, ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების ძალისხმევა საქართველოში მიმართულია იქითკენ, რომ დაეხმარონ ქვეყანას დემოკრატიული სტრუქტურებისა და ფუნდამენტის მშენებლობაში მიუხედავად იმისა, თუ რა დრო შეიძლება დასჭირდეს ამას.

კელი დეგნანმა ასევე განცხადა, რომ მართალია საქართველოს მოკავშირეებმა უნდა განაგრძონ ქვეყნის დახმარება „სტაბილურობისა და დემოკრატიული სტრუქტურების მშენებლობის“ საქმეში, „ყველაზე იმედისმომცემი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობისას… არის ის, რომ ვხედვათ, თუ რას აკეთებენ ქართველები… [თუნდაც] იქ, სადაც ისინი ყველაზე დაუცველნი არიან დეზინფორმაციისა და ისეთი ცხოვრებისეული რეალობების მიმართ, როგორიცაა სიღარიბე, უმუშევრობა, კრიზისი, არასახარბიელო განათლება და ცუდი ინფრასტრუქტურა“.

ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებზე საუბრისას, აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ „ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველები ერთად იდგნენ [ევროპისკენ მიმავალ გზაზე]; წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა ვერ იქნება მზად [წევრობისთვის]“.

„ეს მძიმე სამუშაოა და საქართველო ვერ მიიღებს სწრაფ შედეგს, როგორც ეს ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში მოხდა“, – ხაზი გაუსვა ელჩმა. „მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ საქართველოს გვერდით და ქართველ ხალხთან ერთად და მათ გამამხნევებელი გზავნილი გავუგზავნოთ იმასთან დაკავშირებითაც, რაც სწორად კეთდება ამ ქვეყანაში“.

შანტაჟი ომის თემით და აშშ-ის სამხედრო დახმარება საქართველოსთვის

აშშ-ის ელჩი ასევე შეეხო ბრალდებებს, რომ თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველოს სხვა პარტნიორები ქვეყნის ომში ჩათრევას ცდილობენ და ხაზგასმით აღნიშნა: „მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საქართველოსთვის, მისი უსაფრთხოების, სტაბილურობის, კეთილდღეობისა და დემოკრატიისთვის უდიდეს საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს“.

ელჩმა განაცხადა, რომ ეს საუკუნეებია გრძელდება და ქართველებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს და რომ რუსეთი ეფექტურად ცდილობს არეულობის გამოწვევას და ხალხის დაყოფას.

დეგნანის თქმით, სწორედ ამიტომ ეხმარება ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უკვე 30 წელია, რათა ქვეყანამ გაიუმჯობესოს საკუთარი შესაძლებლობები და დაიცვას საკუთარი საზღვრები.

„სამხედო თანამშრომლობა და პარტნიორობა ხანგრძლივია, რადგანაც ჩვენ გვესმის, რომ ქართველებისთვის ყველაზე მთავარი საკუთარი ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოებაა. ამის საფუძველი კი არის რწმენა იმისა, რომ მათ შეუძლიათ საკუთარი საზღვრების დაცვა და ჩვენ გვინდა, რომ მათ გვერდით ვიყოთ ამ საკითხში“, – დასძინა დეგნანმა.

შავი ზღვის უსაფრთხოება და საქართველოს როლი

შავი ზღვის უსაფრთხოებასა და საქართველოს თავდაცვის გზებზე საუბრისას, კელი დეგნანმა განაცხადა: „საჭიროა არსებობდეს გაგება არა მხოლოდ შავი ზღვის შესახებ, არამედ როგორ უკავშირდება შავი ზღვა ცენტრალურ აზიასა და აზიას“.

„ვფიქრობ, ვიწყებთ იმის გაგებას, რომ ჩრდილოეთ დერეფნის ალტერნატივების ძიების პროცესში, საქართველოს შეუძლია მართლაც მნიშველოვანი როლი ითამაშოს … და ეს შესაძლებლობა უნდა განვითარდეს, ვინაიდან ეს იქნება საქართველოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების ნაწილი, როდესაც ის ცენტრალური აზიისთვის მნიშვნელოვანი მარშრუტი გახდება, იქნება ეს ენერგიის თუ საქონლის ტრანსპრტირების თვალსაზრისით. ყველაფერი, რაც დაეხმარება საქართველოს დაუკავშირდეს ევროპელ მეზობლებს, ძალიან პოზიტიური და ძლიერია“, – განაცხადა ელჩმა.

საქართველოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე საქართველოს მიერთებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ელჩმა დეგნანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანქციები მიზნად ისახავს ქცევის შეცვლას და ყველაზე ეფექტურია, როდესაც არ არსებობს რაიმე „ხვრელები“ სანქციებზე თავის ასარიდებლად.

აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება გარკვეულწილად შეუერთდა დასავლეთის სანქციებს, კერძოდ ფინანსულ სანქციებს და აღნიშნა, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს სტრუქტურებთან მუშაობას, რათა არ მოხდეს სანქციებზე თავის არიდება.

დეგნანის თქმით, აშშ კვლავ მოუწოდებს საქართველოს ყველაფერი გააკეთოს იმის გააზრებით, რომ კონფლიქტში გამარჯვების, მშვიდობის დამყარების უსწრაფეს გზას სანქციების აღსრულებაზე ერთიანი პოზიციის ქონა წარმოადგენს.

ივანიშვილის სანქცირებაზე უკრაინის მოთხოვნა

უკრაინის მიერ ახალი სიის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, რომელიც საქართველოს რამდენიმე მოქალაქეზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე სანქციების დაწესებას ითხოვს, აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ მართალია იგი არ მონაწილეობდა ამ სანქციების შემუშავებაში, „ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სანქციები ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია“.

„კარგად განხორციელების შემთხვევაში, ისინი შესაძლოა ძალიან ეფექტური ინსტრუმენტი გახდეს. მათი მიზანი გავლენის მოხდენა და ქცევის შეცვლაა“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ აშშ „არ განიხილავს თავის სანქციების პოლიტიკას, ვინაიდან ის შემუშავების პროცესშია და არც ახმოვანებს მათ, სანამ არ მოხდება მათი განხორციელება. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია“.   

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button