კარა მაკდონალდი არასამთავრობოებთან და მედიასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო შეშფოთებულია
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში, კარა მაკდონალდმა, რომელიც 5 სექტემბერს თბილისის მე-6 საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო სახელწოდებით „დიდება უკრაინას“, განაცხადა, რომ „საკმარისად ვერ გადმოვცემ ჩვენს წუხილს იმის გამო, რასაც ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ISFED-სა და დამოუკიდებელ მედიასთან დაკავშირებით საქართველოში“.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების მიზნით შექმნილი საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე ქართულმა ოცნებამ 18 აგვისტოს საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) არ მიიწვია. ამ გადაწყვეტილებას არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის მხრიდან მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკა მოჰყვა. მათ შორის, სამუშაო ჯგუფის კიდევ ერთმა მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. მმართველ პარტიაში მაშინ მიზეზად ISFED-ის მიერ „ნეიტრალიტეტის დაკარგვა“ დაასახელეს.
- საარჩევნო სისტემის რეფორმის სამუშაო ჯგუფში ISFED-ის ჩართვაზე უარისთვის მმართველ პარტიას აკრიტიკებენ
- შალვა პაპუაშვილი ISFED-ისა და ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შესახებ საუბრობს
„ძალიან მადლიერი ვარ თქვენი აქ ყოფნით. იმიტომ, რომ ჩვენ საქართველოს დიდი მეგობრები ვართ, ჩვენ ძალიან შეგვტკივა გული, მაგრამ შეუძლებელია, ჩვენ ეს თქვენზე მეტად გვინდოდეს“, – მიმართა კარა მაკდონალდმა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, – „ჩვენ გვერდში გიდგავართ და მზად ვართ მხარი დაგიჭიროთ“.
უკრაინაში მიმდინარე ომის თაობაზე
უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, კარა მაკდონალდმა განაცხადა, რომ „პუტინმა ორი მცდარი ვარაუდი გააკეთა. ის არ მოელოდა უკრაინელი ხალხის ასეთ სიმამაცეს და ის არ მოელოდა ერთიანობას, არა მხოლოდ დასავლეთისგან, არამედ მთელი მსოფლიოსგან“.
საპანელო დისკუსიაზე სახელწოდებით „დემოკრატია ავტორიტარიზმის წინააღმდეგ“, აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა: „არსებობს შეშფოთება, რომ საქმე ეხება დიდი სახელმწიფოების დაპირისპირებას; ეს ასე არ არის; საქმე ეხება იმ სახელმწიფოებს, რომლებიც იცავენ გაეროს ქარტიას და საერთაშორისო წესრიგს, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებსა და პრინციპებს ეფუძნება და ასევე იმ ქვეყნებს, რომლებიც ცდილობენ ძალით შეცვალონ საზღვრები“.
თბილისის მე-6 საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც 5-6 სექტემბერს იმართება, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC), არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაკკეინის ინსტიტუტისა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება. კონფერენციაზე, რომლის მთავარი თემაც უკრაინაა, ამერიკელი და ევროპელი ექსპერტები, ლიდერები და მაღალი რანგის პოლიტიკოსები შეიკრიბნენ უკრაინაზე, საქართველოზე, ასევე ნატოზე, ევროკავშირსა და რუსეთის სამხედრო აგრესიაზე მსჯელობის მიზნით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)