skip to content
ახალი ამბები

უფლებადამცველი ორგანიზაცია მომიტინგის წინააღმდეგ პოლიციის სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიებას ითხოვს

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, კანონის უზენაესობის ცენტრმა მოუწოდა პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, საფუძვლიანად გამოიძიონ პოლიციის ძალადობასთან დაკავშირებული ბრალდებები საქართველოს პარლამენტთან 24 ნოემბრის აქციის მონაწილე ანატოლი გიგაურის მიმართ, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად.

კანონის უზენაესობის ცენტრმა გიგაურის დაკავებისას სავარაუდო ძალადობის სამ შემთხვევაზე გაამახვილა ყურადღება: მას 24 ნოემბერს, აქციაზე ყოფნის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა და ხელი გაარტყა; მეორე, აქციიდან წასვლის შემდგომ, ორ თანმხლებ პირთან ერთად, მის მფლობელობაში არსებული ავტომობილით გადაადგილდებოდა, სადაც იგი გააჩერეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, გაიყვანეს ავტომანქანის უკან და ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა დროსაც მას სახის არედან წამოუვიდა სისხლი. გიგაურის თქმით, მას შემდეგ, რაც იგი შსს-ს მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს, მასზე იძალადა რამდენიმე პოლიციელმა. მას სამმართველოში მიუყვანეს ის პატრულ-ინსპექტორი, რომელზე ძალადობისთვისაც მას პატიმრობა შეეფარდა, და ამ უკანასკნელმაც სხვა პოლიციელების თანდასწრებით იძალადა მასზე.

ორგანიზაციამ მოუწოდა შესაბამის ორგანოებს დაუყონებლივ მოიპოვონ მტკიცებულებები, როგორიცაა პოლიციელთა სამხრე კამერების ჩანაწერები და იმ პოლიციის განყოფილების გარე და შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, სადაც გიგაური დააკავეს. კანონის უზენაესობის ცენტრმა ასევე ხაზი გაუსვა კანონით თანაბარი მოპყრობის აუცილებლობას და მოუწოდა საქართველოს პროკურატურას, ისეთივე მყისიერი რეაგირება მოახდინოს ანატოლი გიგაურის მიმართ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე, როგორი მყისიერი რეაგირებითაც ხდება მოქალაქეთა პასუხისგებაში მიცემა პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით.

„სამწუხარო ტენდენციაა, რომ სამართალდამცავი ორგანოები რეაგირებენ და საზოგადოებას აწვდიან ინფორმაციას მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე, როცა საქმე ეხება აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებულ დარღვევებს, ხოლო როცა თავად აქციის მონაწილეები ხდებიან ძალადობის მსხვერპლი, ასეთ ფაქტებზე არათუ სისხლისსამართლებრივი დევნის, ზოგჯერ გამოძიების დაწყებაც კი არ ხდება“, – აცხადებს ორგანიზაცია.

გიგაური 25 ნოემბრის აქციაზე დააკავეს და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წაუყენეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დაზიანებების შესახებ ფიზიკური მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, გიგაურს წინასწარი პატიმრობა 26 ნოემბერს შეეფარდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button