skip to content
ახალი ამბები

ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 აგვისტოს განაცხადა, რომ ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ლევან მაჩაბელი გაათავისუფლეს და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

მაშინ, ოკუპირებული ცხინვალის „სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა“ განაცხადა, რომ მაჩაბელი ე.წ. „საზღვრის უკანონო კვეთისთვის“ დააკავეს. კომიტეტმა ასევე აღნიშნა, რომ მაჩაბელი 2005-2009 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა.

სუს-ის ცნობით, ლევან მაჩაბლის გათავისუფლებისთვის „აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული სხვა ინსტრუმენტები“.

„მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში, ხოლო ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს“, – განმარტეს უწყებაში.

სუს-ის ცნობით, ცენტრალური ხელისუფლება „აქტიურად მუშაობს“ ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად. უწყება ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრულ პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას აკისრებს.

თავად ლევან მაჩაბელმა განაცხადა, რომ მას ცხინვალის ციხეში „ნორმალურად“ ექცეოდნენ და მასზე „არანაირი ზეწოლა“ არ ყოფილა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button