skip to content
ახალი ამბები

ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 აგვისტოს განაცხადა, რომ 2021 წლის 15 დეკემბერს, „რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ“ ცხინვალის საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, სოფელ ლოპანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოგიჩაიშვილი გაათავისუფლეს და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

სუს-ის ცნობით, „უკანონოდ დაკავებულების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული სხვა ინსტრუმენტები“.

ამასთან, მათი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხს ოფიციალური თბილისი რეგულარულად განიხილავდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში. ასევე, ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს.

„ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის, ისე ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით“, – განაცხადეს სუს-ში და ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ „დესტრუქციულ ქმედებებზე“ სრული პასუხისმგებლობა „საოკუპაციო ძალას“ დააკისრეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button