ახალი ამბები

აშშ-ის საელჩომ პარლამენტს სასამართლო სისტემის რეფორმის რეკომენდაციებით მიმართა

რამდენიმე დღის წინ, ამერიკის შეერთებულის შტატების საელჩომ საქართველოს პარლამენტს სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული რეკომენდაციებით მიმართა, რომლებიც პარლამენტთან და სხვა საკვანძო მხარეებთან საელჩოს კომუნიკაციას ეყრდნობა. რეკომენდაციები ვენეციის კომისიის, ეუთოს, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებსაც ეყრდნობა.

ზოგადი რეკომენდაციები

  • სასამართლო სისტემის რეფორმის შეფასება და გადაწყვეტილებების გამოქვეყნების წესი

სასამართლო რეფორმა უნდა შეფასდეს საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით, ინკლუზიური და წარმომადგენლობითი პროცესის შედეგად და დემოკრატიის სამიტზე საქართველოს მიერ გაცხადებული ვალდებულებების შესაბამისად. უნდა შეფასდეს არა მხოლოდ საკანონმდებლო ხარვეზები, არამედ სასამართლო რეფორმის წინა ტალღების განხორციელების ხარისხი და მისი გავლენა მართლმსაჯულების სისტემაზე.

უნდა გაუმჯობესდეს პირველი ორი ინსტანციის მოსამართლეთა დამსახურების მიხედვით შერჩევისა და დანიშვნის წესები და ამ პროცესის გამჭვირვალობა. პარლამენტმა უნდა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილებათა გამოქვეყნების წესის დადგენას. „სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს და ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოებისთვის განსახილველად, გარდა ისეთი გამონაკლისი შემთხვევებისა, როცა გადაწყვეტილების გამოუქვეყნებლობა გამართლებულია მსხვერპლის დაცვის, ან მიმდინარე გამოძიების ინტერესით“.

  • გენდერული თანასწორობა

რეკომენდაციებში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა 50%-ზე მეტი ქალები არიან და გენდერული ბალანსი დაცულია, თუმცა მათ მიერ დაკავებული ადმინისტრაციული/საკვანძო თანამდებობების რაოდენობა არ ასახავს არსებულ გენდერულ ბალანსს.

„პარლამენტმა და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა უზრუნველყონ გენდერული ბალანსი სასამართლო სისტემაში და, განსაკუთრებით, ხელმძღვანელ პოზიციებზე მოსამართლეთა დანიშვნისას, თუმცა, იმავდროულად, არ უნდა მოხდეს ძირითადი შერჩევის კრიტერიუმების იგნორირება“.

  • ნაფიცი მსაჯულები

აშშ-ის საელჩო ურჩევს პარლამენტს, რომ გააფართოვოს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რათა „შესაძლებელი გახდეს მსაჯულთა გამოყენება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სისხლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეებზე“. „[ეს] მხარეს მისცემს შესაძლებლობას, აირჩიოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თავისი სამართლებრივი პრობლემის გადაჭრის გზად და, ასევე, გაზრდის საზოგადოების ნდობას მნიშვნელოვან საქმეებზე შედეგების მიმართ.

  • მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობა

აშშ-ის საელჩოს რეკომენდაციით, მოსამართლეთა კანდიდატობის წარსული საქმიანობისა და კეთილსინდისიერების შემოწმების პროცესისთვის მნიშვნელოვანია, რომ შემუშავდეს და დაიხვეწოს პროცედურა, რომლის მეშვეობითაც მოხდება ინფორმაციის ყველა შესაძლო წყაროს გათვალისწინება და შეფასების შედეგის გამოქვეყნება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო

აშშ-ის საელჩოს რეკომენდაციით, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად უნდა დანიშნოს, მათი შერჩევის პროცესი კი – გამჭვირვალედ უნდა წარმართოს.

აშშ-ის საელჩო იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ საბჭოში არამოსამართლე წევრების რამდენიმე პოზიცია ამ დრომდე ვაკანტურია და გადაწყვეტილებების მიღებაში მათი „რეალური მონაწილეობის“ უზრუნველსაყოფად საბჭოში მოსამართლე და არამოსამართლე წევრების თანაფარდობის გადასინჯვას უწევს რეკომენდაციას. საელჩო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ეტაპობრივ დანიშვნასაც უწევს რეკომენდაციას, რათა „არ მოხდეს საბჭოს სრული შემადგენლობის ერთდროული განახლება“.

საელჩო ასევე მიიჩნევს, რომ საბჭოს წევრები კვლავ მხოლოდ ერთი ვადით უნდა აირჩიონ, რაც გაზრდის მის დამოუკიდებლობას. ამასთან, აშშ-ის საელჩო მიიჩნევს, რომ საბჭოს წევრობის ყველა კანდიდატმა წინასწარ უნდა წარადგინოს თავისი ხედვა, რათა მოსამართლეთა კონფერენციის წევრებს მათი თანამდებობასთან შესაბამისობის შეფასების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ამასთან, უნდა გაუქმდეს საბჭოს წევრის ასარჩევად მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრეთა ხმების 2/3-ის მოთხოვნა და კონფერენციის მონაწილე თითოეულმა მოსამართლემ ხმა უნდა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს.

მოსამართლეთა მცირე ჯგუფის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციისა და სასამართლო სისტემაზე ადმინისტრაციულ და ხელმძღვანელ პოზიციებზე მყოფ მოსამართლეთა ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად, აშშ-ის საელჩო მიიჩნევს, რომ „სასამრთლოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს, კოლეგიისა და პალატის თავმჯდომარეს [უნდა] შეეზღუდოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩევის შესაძლებლობა“.

საელჩოს რეკომენდაციით, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრთა 2/3-ის და არამოსამართლე წევრთა 2/3-ის მხარდაჭერა უნდა იყოს საჭირო მოსამართლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისთვისაც. „ეს მოდელი შეამცირებს სისტემის ბოროტად გამოყენების რისკებს და ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობა, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას მოსამართლეთა მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზეგავლენის მოხდენის საშუალებად“.

უზენაესი სასამართლო

აშშ-ის საელჩო მიიჩნევს, რომ უზენაეს სასამართლოში კვალიფიციური და გამოცდილი მოსამართლეების შენარჩუნების მიზნით, რეკომენდებულია კონკრეტული ვადით დანიშნული მოქმედი მოსამართლეების უვადოდ არჩევა.

ამასთან, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს მოსამართლეობის კანდიდატი მოსამართლე წევრების 2/3-ის და არამოსამართლე წევრების 2/3-ის თანხმობით უნდა წარუდგინოს. თავის მხრივ, პარლამენტმა ის არა არსებული 76, არამედ 90 ხმით უნდა აირჩიოს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის უნდა გაიზარდოს საჭირო ასაკი და გამოცდილება, რათა უზრუნველყოფილ იქნას კანდიდატების კვალიფიციურობა. ამასთან, იმ კანდიდატებს, რომლებიც განიხილებიან უმაღლესი ინსტანციის სასამართლოსთვის, ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობის გამოცდილება უნდა მოეთხოვებოდეთ.

საკონსტიტუციო სასამართლო

აშშ-ის საელჩოს რეკომენდაციით, უნდა მოხდეს პარლამენტის, პრეზიდენტისა და სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის სტანდარტიზება. ამასთან, უნდა შევიდეს ცვლილებები შესაბამის კანონებსა და პარლამენტის რეგლამენტში, რათა კანდიდატების შერჩევა მოხდეს პროფესიული დამსახურების საფუძველზე, ღია და გამჭვირვალე პროცესით.

ქვემდგომი სასამართლოები

საელჩოს რეკომენდაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეების დანიშვნები განხორციელდეს საბჭოს მოსამართლე წევრების 2/3-ისა და საბჭოს არამოსამართლე წევრების 2/3-ის ხმების საფუძველზე. ასევე, კანონმა უნდა გაითვალისწინოს სამოსამართლეო უნარების შესახებ მოკლე ადაპტირებული კურსის შექმნა იმ გამოცდილი იურისტებისთვის, რომელთაც აქვთ სასამართლოში წარმომადგენლობის არანაკლებ ათი, ან მეტი წლის გამოცდილება.

აშშ-ის საელჩოს მოსაზრებით, მსხვილ სასამართლოებში, თავმჯდომარის არჩევა უნდა მოხდეს აღნიშნული სასამართლოს მოსამართლეების მიერ იმავე პროცედურით, რაც შემოთავაზებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევისთვის. მცირე ზომის სასამართლოებში, სადაც არის რისკი, რომ კენჭისყრა ვერ იქნება ფარული, რეკომენდებულია როტაციის სისტემის შემოღება. საკანონმდებლო ცვლილებებმა, ასევე, უნდა მოახდინოს თავმჯდომარისა და სასამართლო მენეჯერის ფუნქციებისა და უფლებამოსილების დეცენტრალიზება.

საელჩოს მიაჩნია, რომ მოსამართლეების დაწინაურება და სხვა სასამართლოში გადაყვანა დამსახურებაზე, ობიექტურ შეფასებასა და კონკურენტულ პროცესზე დაყრდნობით უნდა მოხდეს.

საქმეთა შემთხვევით განაწილების პროცესზე საუბრისას, საელჩო ამბობს, რომ კანონში ამომწურავად მოხდეს იმ საგამონაკლისო შემთხვევების ასახვა, როდესაც საქმეთა ელექტრონული განაწილება შემთხვევითი პრინციპით ვერ განხორციელდება. „ეს შეამცირებს საქმეთა განაწილების პროცესში ჩარევის რისკს“.

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საელჩო მიიჩნევს, რომ „საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რათა შემცირდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გავლენა იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრების არჩევის პროცესზე“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button