ახალი ამბები

კელი დეგნანი ქართული ოცნებიდან გასული ოთხეულის ბრალდებებს პასუხობს

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა სასამართლო სისტემაში ამერიკის შეერთებული შტატების ჩარევის შესახებ ქართული ოცნებიდან გასული ოთხეულის განახლებულ ბრალდებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ აშშ-ის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები „გაუაზრებელი კონსპირაციული თეორიებია, რომელთაც არანაირი საფუძველი არ გააჩნიათ“.

საუბარია პარლამენტის წევრების – სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის, დიმიტრი ხუნდაძისა და გურამ მაჭარაშვილის მიერ 16 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაზე, სადაც მმართველი პარტიის ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ „საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული“.

დეპუტატებმა განცხადება საელჩოს მიერ მომზადებული და პარლამენტისთვის წარდგენილი ყოვლისმომცველი დოკუმენტის საპასუხოდ გაავრცელს, რომელიც შეიცავს რეკომენდაციებს სასამარათლო სისტემაში ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის ანგარიშების შესაბამისად გასატარებელი რეფორმების შესახებ. დოკუმენტში აშშ-ის საელჩო ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა – ქვეყნის მიერ 2021 წლის დემოკრატიის სამიტზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება; მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გამჭვირვალობის გაზრდა; და სასამართლო სისტემაში მაღალ თანამდებობებზე გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა. დოკუმენტი ასევე მიმოიხილავს რიგ საკითხებს, რომლებიც ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 17 აგვისტოს ჟურნალისტებთან საუბრისას, ელჩმა კელი დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ საქართველოს სასამართლო სისტემასთან წლებია მუშაობს და „ყველამ იცის, რომ მეტი სამუშაოა ჩასატარებელი… უცნაურია, რატომაა ასეთი წინააღმდეგობა იმ სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით, რომელზეც ყველა დიდი ხანია ლაპარაკობს“.

„უნდა გვახსოვდეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყველა პოლიტიკურ პარტიასთან მუშაობას“, – აღნიშნა ელჩმა. „სწორედ ამ გზით ვიგებთ, როგორ დავეხმაროთ უკეთ საქართველოს, რათა მან საკუთარი დემოკრატიული ინსტიტუტები განავითაროს“.

„არ ვარ დარწმუნებული, რას წარმოადგენს ეს ჯგუფი. არ ვარ დარწმუნებული, ვის წარმოადგენენ ისინი და არ ვარ დარწმუნებული რამდენად განსხვავდებიან ისინი მმართველი პარტიისგან, რომელიც, როგორც ისინი ამბობენ, მათ დატოვეს“, – განაცხადა მან ქართული ოცნებიდან გასულ ოთხეულზე საუბრისას.

ელჩის თქმით, „ბრალდებები, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი იმ პოლარიზაციაზე, რომელიც აქ არსებობს, არის ბრალის გადატანის მცდელობა პასუხისმგებელი პირებისგან დასავლელ პარტნიორებზე, რომლებიც 30 წელია ეხმარებიან საქართველოს მის ევროპულ გზაზე“.

„ვფიქრობ, ქართველებს უნდა ახსოვდეთ… საიდან მოვიდა ეს პოლარიზაცია. გავრილოვის ღამე, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტი-დემოკრატიუი ქმედებები – სწორედ აქედან მოვიდა პოლარიზაცია“, – განაცხადა მან.

ელჩის თქმით, პარლამენტმა ყურადღება უნდა გაამახვილოს ქართველებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგალითად, როგორიცაა ევროკომისიის 12 რეკომენდაცია.

„ახლა, სწორედ ის დროა, რომ ეს რეკომენდაციები შესრულდეს. ახლა, სწორედ დროა, გვერდზე გადადოთ უთანხმოებები და კანდიდატის სტატუსის მიღებაზე მოახდინოთ ფოკუსირება“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button