skip to content
ახალი ამბები

„TI საქართველო“: გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 3 აგვისტოს მიერ 3 აგვისტოს გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება, რაც ძირითადად რუსეთიდან ფულადი გზავნილების „ნახტომისებურად მატებითაა განპირობებული“, ხოლო საქართველოდან რუსეთში ცალკე აღებული საქონლის ექსპორტი კი – შემცირდა.

კვლევაში 2022 იანვარ-ივნისის მდგომარეობით საქართველო-რუსეთს შორის არსებული ვაჭრობის, რუსეთიდან შემოსული ტურისტების, ფულადი გზავნილების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და რუსული კომპანიების საქართველოში რეგისტრაციის შესახებ არსებული მონაცემებია გაანალიზებული.


ორგანიზაციის ცნობით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 1.2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის იმავე პერიოდში რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 2.5-ჯერ მეტია, პანდემიამდე, 2019 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან მიღებულ შემოსავალს კი – 36%-ით აჭარბებს.

ტურიზმი და ფულადი გზავნილები

კვლევის თანახმად, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში რუსი ვიზიტორების შემოსვლის ტემპი „მნიშვნელოვნად“ დაჩქარდა და ქვეყანაში 247 000 ვიზიტორი შემოვიდა. თუმცა, ეს მაჩვენებელი 2019 წლის იმავე პერიოდის მონაცემზე 3-ჯერ ნაკლებია. საანგარიშო პერიოდში, ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში რუსების წილი 15.2% იყო, რაც 2018-2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელებს ჩამორჩება.

კვლევის მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილ-ივნისში 6.5-ჯერ გაიზარდა საქართველოში რუსეთიდან ფულადი გზავნილების რაოდენობა და 678 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. „ასეთი მაღალი ზრდის მთავარი მიზეზი საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქეებია, რომლებსაც რუსეთიდან უგზავნიან ფულს“.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

საქართველოში რეგისტრირებული რუსული კომპანიები

„საქართველოში სულ 13 500-მდე რუსული კომპანიაა [კომპანიები რომელთა მფლობელები რუსეთის ფედერაციის იურიდიული პირები ან/და მოქალაქეები არიან] რეგისტრირებული და მათი ნახევარი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა“, – ნათქვამია კვლევაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ თქმით, 2022 წლის მარტში, აპრილში, მაისსა და ივნისში საქართველოში 6 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზე 7-ჯერ მეტია.

კვლევის თანახმად, მარტიდან დარეგისტრირებულ კომპანიების 93% ინდივიდუალური საწარმოა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ „რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა“.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

იმპორტი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

კვლევის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-ივნისში, რუსეთიდან იმპორტი 51%-ით გაიზარდა და 706 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან იმპორტის წილი საქართველოს ჯამური იმპორტის 11.9% იყო, რაც ბოლო 15 წლის მაქსიმუმია.

ამასთან, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან რუსეთიდან ყველაზე მეტად – 280%-ით (118 მლნ აშშ დოლარით) ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა; 4-ჯერ (9 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა ელექტროენერგიის იმპორტი; 3-ჯერ გაიზარდა ქვანახშირისა და კოქსის იმპორტიც და ჯამში 23 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

„იმპორტის ზრდის მიუხედავად, რუსულ ელექტროენერგიას საქართველოს შიდა მოხმარებაში მხოლოდ 3.5% უჭირავს. 8%-მდეა რუსეთის წილი ბუნებრივი აირის შიდა მოხმარებაშიც“, – ნათქვამია კვლევაში.

დოკუმენტის მიხედვით, კვლავ მაღალია რუსულ ხორბალსა და ფქვილზე საქართველოს დამოკიდებულება და მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, რუსული ხორბლისა და ხორბლის ფქვილის წილი საქართველოს ხორბლის და ხორბლის ფქვილის მთლიან იმპორტში 95% იყო.

ამასთან, 11.2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა რუსეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2022 წლის პირველ კვარტალში.

ექსპორტი რუსეთში

კვლევის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთში საქართველოს ექსპორტი 2.8%-ით შემცირდა და 256 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 16%-ით შემცირდა რუსეთში ექსპორტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რაც „ძირითადად ღვინის და უალკოჰოლო სასმელების ექსპორტის კლებამ განაპირობა“.

„ტრადიციულად, რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთში ექსპორტირებული 58 მლნ აშშ დოლარის ღვინო საქართველოს ჯამური ღვინის ექსპორტის 58% იყო“, – ვკითხულობთ კვლევაში.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

რეკომენდაციები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ თქმით, მნიშვნელოვნად გაზრდილი რუსული საქონლის იმპორტი, ფულადი გზავნილები და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ კომპანიების დაფუძნება ზრდის რისკს, რომ საქართველო რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად იყოს გამოყენებული. ამიტომ, ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:

  • უფრო აქტიურად და დაჩქარებულად დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება;
  • სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიები (გრანტი, შეღავათიანი კრედიტი და სხვა) არ გასცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის;
  • შეიმუშაოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების სტრატეგია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button