ახალი ამბები

ზეწოლაზე ევროპარლამენტარისა და აშშ-ის მიმართ მოსამართლის ბრალდებას პოლიტიკოსები ეხმიანებიან

თბილისის საქალაქო სასმართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ, რომელმაც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა, 15 ივლისს განაცხადა, რომ ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც 19 ივლისს გვარამიას საქმის განხილვა დაიწყო, „პირდაპირ მიუთითებს“, რომ მსჯავრდებული პირველივე სხდომაზე გაამართლოს და ამით, თითქოსდა მის მიერ დაშვებული „ძველი შეცდომები გამოასწოროს“.

მისივე განცხადებით, ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, საქალაქო სასამართლოს შენობაში იგი საქართველოში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს, კევინ ბურკს შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ „ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა“.

მოსამართლე ჩხიკვაძის ბრალდებებს პოლიტიკოსთა გამოხმაურებები მოოჰყვა. ქვემოთ, საკითხზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეფასებებია წარმოდგენილი:

ქართული ოცნების გამოხმაურება

ირაკლი კობახიძე – ქართული ოცნების თავმჯდომარე: „ველოდებოდი მკაფიო განმარტებას და იმის უარყოფას, რომ ასეთი ჩარევა არ მომხდარა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს წარსულში, როცა კამპანია აგორებული იყო ზეწოლასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის საელჩოდან ამას არავინ იკადრებდა. სწორედ ასეთ პასუხს ველოდით ამერიკის ელჩისგან, რომ ის დარწმუნებული იყო, რომ ამერიკის საელჩოში ეს არავის უკადრია. შესაბამისად, ვფიქრობდით, ის უარყოფდა იმ ბრალდებას, რომელიც გაისმა მოსამართლე ჩხიკვაძის მხრიდან; თუმცა, ეს არ მოვისმინეთ, რაც ძალიან დამაფიქრებელი და ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენთვის საინტერესოა, მივიღოთ მკაფიო პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, განხორციელდა თუ არა ზეწოლა, თან ასეთი უხეში ფორმით, როგორზეც საუბრობს მოსამართლე ჩხიკვაძე. ეს ფაქტი ან უნდა იყოს უარყოფილი ძალიან მკაფიოდ და ცხადად, ან ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა ქართველ მოსამართლეზე“.

მამუკა მდინარაძე – ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი: „წარმოუდგენელი ამბავია, თუ ნამდვილად ასეთი შეფასება იყო, არამც და არამც არ მინდა ამის დაჯერება, მაგრამ კითხვები თუ არსებობს [მოსამართლის მხრიდან], ამ კითხვებს კონკრეტული პასუხები უნდა გაეცეს, მე ამის მომხრე ვარ. მე, ერთი მხრივ, ძალიან ვუფრთხილდები და ვერიდები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლებს, ნებისმიერს, ქალბატონი კელი იქნება, თუ სხვა. ადრეც ასე იყო და მომავალშიც ასე იქნება, იმიტომ, რომ მთავარი პარტნიორის, მთავარი მეგობრის, აშშ-ის წარმომადგენლისგან ჩემთვის ეს წარმოუდგენელია. თუმცა, ის ეჭვები რაც გაჩნდა მოსამართლის მხრიდან, ამ დაუჯერებელი ამბავთან დაკავშირებით, რომელსაც გარკვეული ფაქტებით ამყარებენ, ამაზე პასუხებია გასაცემი“.

გურამ მაჭარაშვილი – ქართული ოცნება: „„ჩვენ მიგვაჩნია დაუშვებლად ის, რაც მოვისმინეთ, იმიტომ, რომ მოსამართლეს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით  გამოკითხო…, ეს არის პირდაპირი ჩარევა მართლმსაჯულებაში და არის დაუშვებელი… ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და ყველამ ნება უნდა იბოძოს და პატივი სცეს, იმ დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპს, რასაც ჰქვია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა“.

ოპოზიციის გამოხმაურება

რომან გოცირიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „ინფორმაციის მიღება არის საელჩოს მუშაობის ერთ-ერთი ამოცანა და ლეგალურად მიმართა მან, ვინაიდან ეს მოსამართლე უნდა წასულიყო ამერიკის შეერთებული შტატების პროგრამით ამერიკაში და როგორც ჩანს, მისმა პასუხმა არ დააკმაყოფილა [საელჩო] და, ფაქტობრივად] ამოაგდეს ამ სიიდან და უკვე გამზადებული ეგზემპლარია ამერიკის გლობალური მაგნიტსკის სიაში შესაყვანად“.

ნათია მეზვრიშვილი – საქართველოსთვის: „დღეს ჩვენ ვიხილეთ მოსამართლის პირდაპირი ჩართულობა და მოსამართლის პირდაპირი თანხვედრა ოცნების ნარატივთან, რაც არის შემაშფოთებელი, განსაკუთრებით იმ სტრატეგიული პარტნიორების მისამართით, რომლებსაც წლების განმავლობაში, მილიონები აქვთ პრაქტიკულად ჩადებული ამ მოსამართლეების დამოუკიდებლობაში“.

გიგა ბოკერია – ევროპული საქართველო: „კიდევ ერთი ნაბიჯია იმ კლასიკურ გზაზე, ავტორიტარული რეჟიმების, რომლებიც დასავლეთს უპირისპირდებიან და ამხელენ დასავლეთს ზეწოლაში და ამ ბოდვაში უნდა გვამყოფონ, რომ, თურმე, საფრთხე ჩვენი სასამართლოს დამოუკიდებლობის მოდის ამერიკიდან და ევროპიდან. ამ ბოდვის სათავეშია ივანიშვილი და ამ კაცის ეს საქციელი საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს, იმიტომ, რომ საკუთარი ძალაუფლებისთვის ის უპირისპირდება თავისუფალ სამყაროს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button