ახალი ამბები

კელი დეგნანი სასამართლო სისტემაში აშშ-ის ჩარევაზე მოსამართლის ბრალდებას პასუხობს

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა უარყო სასამრთლო სისტემაში ჩარევის მცდელობის შესახებ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის დღევანდელი ბრალდება და თქვა, რომ ეს „უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება“. ჩხიკვაძის თქმით, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი მისგან გადაწყვეტილების მოტივაციით დაინტერესდა.

15 ივლისს ჟურნალისტებთან საუბრისას ელჩმა განაცხადა: „ჩვენ წლებია ვეხმარებით საქართველოს, რომ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და გამჭირვალე სასამართლო სისტემა ჩამოაყალიბოს. ეს არის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი იმ სამუშაოსი, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ, რათა საქართველოს კანონის უზენაესობის გაძლიერებაში დავეხმაროთ“.

„ჩვენ ამ მიზნის მისაღწევად კვლავაც გავაგრძელებთ მუშაობას ბევრ იმ პარტნიორთან, რომელიც საქართველოს სასამართლოში სისტემაში გვყავს“, – განაცხადა დეგნანმა.

გვარამიას განაჩენიდან მალევე მოსამართლეთათვის აშშ-ის გაცვლითი პროგრამიდან ჩხიკვაძის ამოღების თაობაზე დასმულ კითხვაზე, კელი დეგნანმა უპასუხა – „მე მოსამართლის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ. ეს სწორი არ იქნებოდა. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი პროგრამები ღიაა სასამართლო სისტემის ბევრი პროფესიონალისთვის, რომელთაც აინტერესებთ აშშ-ში თავიანთ კოლეგებთან შეხედულებებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა“.

ჟურნალისტებზე შესაძლო ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით, აშშ-ის ელჩმა განაცხადა: „ეს არის შეხსენება იმისა, თუ რატომ ვართ ასე შეშფოთებულები მოსმენებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამო“.

„სწორედ ამიტომ მოვუწოდებდით საკანონმდებლო ორგანოს, შეეყოვნებინა მოსმენების შესახებ კანონის მიღება, რადგან ის არ შეესაბამებოდა საუკეთესო პრაქტიკას ან ევროკავშირის კანონმდებლობას“, – განაცხადა მან. „სწორედ ამიტომ ვითხოვდით ხელისუფლებისგან გამოეძიებინა სასულიერო პირებზე, დიპლომატებსა და სხვებზე [შესაძლო ფარული] მოსმენების შესახებ გაჟონილი ინფორმაცია“.

„ეს შეშფოთების საგნად რჩება ყველასთვის, ვისაც საქართველოში თავისუფალი და ღია საზოგადოების ნახვა გვსურს“, – განაცხადა კელი დეგნანმა. „ერთადერთი გზა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ხალხი შეძლებენ უტყუარი ინფორმაციის მიღებას, არის თუ ჟურნალისტები შეძლებენ გარეთ გასვლას და ამბების გაშუქებას თავდასხმის, შევიწროების ან დაშინების გარეშე“.

„მედიის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი პრიოტიტეტია აშშ-ის საელჩოსთვის და ის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი უნდა იყოს ნებისმიერი დემოკრატიისთვის“, – დასძინა ელჩმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button