Placeholder canvas
ახალი ამბები

ოკუპირებულ ცხინვალში ახალი „პრემიერმინისტრი“ შეარჩიეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საკანონმდებლო ორგანომ“ რეგიონის ლიდერის, ალან გაგლოევის მიერ „პრემიერმინისტრად“ წარდგენილი კონსტანტინ ჯუსოევის კანდიდატურა მოიწონა. ჯუსოევის კანდიდატურას 33-ივე დეპუტატმა ერთხმად, ფარული კენჭისყრით დაუჭირა მხარი.

55 წლის ჯუსოევი რეგიონის მკვიდრია. მანამდე იგი სამშენებლო კომპანიია „მეგაპოლისის“ გენერალური დირექტორი იყო და გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელი, კომერციული და სოციალური ობიექტების მშენებლობას, ასევე რეგიონისთვის რუსული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობებს კურირებდა.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ცნობით, ჯუსოევის დანიშვნის შესახებ განკარგულებას მას შემდეგ მოაწერს ხელს, რაც მოქმედი „პრემიერმინისტრი“, გენადი ბეკოევი, რომელიც ამჟამად მივლინებაში იმყოფება, „საკანონმდებლო ორგანოს“ „მთავრობის“ საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.

„დეპუტატების“ წინაშე გამოსვლისას, ჯუსოევმა სოფლის მეურნეობისა და საკვების უსაფრთხოებაზე, ასევე ინვესტორების მოზიდვის საჭიროებაზე, ბიზნესისთვის ადმინისტრაციული და საგადასახადო ტვირთის შემცირებასა და ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ნდობის აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა.

იგი ასევე შეეხო დემოგრაფიულ სიტუაციას, ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერებას, ოსური ენის განვითარებას და ბენეფიციარების წამლებით უწყვეტ მომარაგებას.

ბეკოევის „მთავრობა“ მას შემდეგ გადადგა, რაც ალან გაგლოევი 24 მაისს უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button