skip to content
ახალი ამბები

ალან გაგლოევმა ცხინვალის რუსეთთან მიერთებაზე რეფერენდუმი შეაჩერა 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ახალმა ლიდერმა, ალან გაგლოევმა მოსკოვთან შემდგომ კონსულტაციებამდე რუსეთთან მიერთების თაობაზე 17 ივლისს დაგეგმილი რეფერენდუმის შეჩერებაზე განკარგულება გამოსცა.

შეჩერების ერთ-ერთ მიზეზად გაგლოევმა განკარგულებაში ოკუპირებული რეგიონის წინა ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის მიერ რეფერენდუმზე დაყენებული საკითხის სამართლებრივი შედეგების გაურკვევლობა დაასახელა.

განკარგულებაში ნათქვამია, რომ „მიუღებელია რეფერენდუმის ცალმხრივი გადაწყვეტილება ისეთ საკითხებზე, რომლებიც რუსეთის ფედერაციის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს ეხება“.

გაგლოევმა განკარგულება გასცა, რომ დაუყონებლივ დაიწყოს კონსულტაციები მოსკოვთან, ცხინვალის რეგიონის რუსეთთან „შემდგომ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებზე“.

განკარგულებით ასევე დამტკიცდა დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც მოსკოვთან კონსულტაციებში ჩაერთვება. დელეგაციის წევრები არიან: თავად ალან გაგლოევი; „საკანონმდებლო ორგანოს“ თავმჯდომარე, ალან თადტაევი; „უზენაესი სასამართლოს“ თავმჯდომარე, ოლესია კოჩიევა; „საარჩევნო ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელი, ემილია გაგიევა; „საგარეო საქმეთა მინისტრის“ მოვალეობის შემსრულებელი, დმიტრი მედოევი და „პრეზიდენტის“ მრჩეველი, კონსტანტინ კოჩიევი.

ამ გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე, გაგლოევმა ყოფილ „დეპუტატებთან“ შეხვედრაზე რეფერენდუმის კითხვის სიცხადე ეჭვქვეშ დააყენა.

„საკითხი რომ ასე მდგარიყო: „თანახმა ხართ სუბიექტის უფლებით შეხვიდეთ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში?“, – მაშინ, ყველაფერი გასაგები იქნებოდა“, – განაცხადა გაგლოევმა. „დღეს კი მისი ფორმულირება ასეთია: „ეთანხმებით თუ არა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის და რუსეთის გაერთიანებას?“.

გაგლოევი რეფერენდუმის ჩატარების ფინანსურ მხარესაც შეეხო, რომელიც რეგიონს 32.5 მლნ რუბლი დაუჯდება და განაცხადა: „ჩვენ შეგვიძლია გამოვნახოთ შესაძლებლობები მის ჩასატარებლად, ავიღოთ სესხი ბანკიდან, თუ რუსეთი მზად არის, რომ თავის შემადგენლობაში მიგვიღოს“.

გაგლოევის განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა 24 მაისს რეფერენდუმის კითხვის ფორმულირებაში შეცდომა აღმოაჩინა და განაცხადა, რომ იურიდიული თვალსაზრისით, კითხვის ფორმულირება გულისხმობს, რომ ცხინვალი „რაღაც მესამე სახელმწიფოს შექმნის“ საკითხს განიხილავს.

პესკოვმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მოსკოვს რეფერენდუმის ორგანიზების მხრივ არანაირი ნაბიჯები არ გადაუდგამს და არც გეგმავს.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონის ყოფილმა ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა რეგიონის რუსეთთან „მიერთების“ შესახებ რეფერენდუმი 17 ივლისისთვის დანიშნა. რუსეთთან მიერთებაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ანატოლი ბიბილოვმა პირველად რეგიონის 10 აპრილის „საპრეზიდენტო არჩევნების“ პირველ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა. თუმცა, 8 მაისს გამართულ მეორე ტურში იგი ოპოზიციონერმა კონკურენტმა, ალან გაგლოევმა დაამარცხა.

გაგლოევმა, რომელიც უფლებამოსილების შესრულებას 24 მაისიდან შეუდგა, ზოგადი მხარდაჭერა გამოხატა რუსეთთან მიერთების თაობაზე, თუმცა რეფერენდუმის ჩატარების დრო კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

ოფიციალურმა თბილისმა დაგმო რუსეთთან მიერთებაზე ოკუპირებულ ცხინვალში დაგეგმილი „რეფერენდუმი“ და განაცხადა, რომ „მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button