skip to content
ახალი ამბები

ხათუნა სამნიძე: რუსთაველზე თავს ორი მამაკაცი დაგვესხა

რესპუბლიკური პარტიის დეპუტატის ხათუნა სამნიძის თქმით, თბილისში რუსთაველის გამზირზე ორი მამაკაცი დაესხა თავს.

„ესეც მოხდა… [იყო] გინება, ხელით შეხება მეტს ვერც ვწერ ისე ვარ“, – დაწერა მან ცოტა ხნის Facebook-ზე.

სამნიძეს ინციდენტის მეტი დეტალი არ დაუკონკრეტებია. მისი განცხადებიდან არც ის არის ნათელი, თავდასხმისას მარტო იმყოფებოდა თუ არა.

დეპუტატმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა.

„სამოქალაქო საქართველოს“ შსს-ში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარებს, რაც ძალადობას გულისხმობს და სასჯელის სახით 120-180 სთ-მდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, 6 თვიდან 1-წლამდე შინაპატიმრობას ან 1-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რას ყვებიან ხათუნა სამნიძე და დავით ბერძენიშვილი?

მოგვიანებით, ტელეკომპანია „ფორმულასთნ“ საუბარში ხათუნა სამნიძემ განმარტა, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, იგი თანაპარტიელ დავით ბერძენიშვილთან ერთად რუსთაველის გამზირზე ფეხით მოდიოდა, რა დროსაც მათთან ორი მამაკაცი მივიდა, საუბარი დაიწყეს და „უცებ გადავიდნენ გინებაზე, შეურაცხყოფაზე პოლიტიკური ნიშნით“.

მისივე თქმით, თავდამსხმელები მათ ასევე ემუქრებოდნენ, რომ ქუჩაში მარტო, დაცვის გარეშე ვერ გაივლიდნენ, რის შემდეგაც ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდნენ. სამნიძემ ხაზი გაუსვა, რომ ამის შემდეგ მათ ადგილიდან გაცლა სცადეს, წამოვიდნენ, თუმცა მამაკაცები მათ „მუქარით, ლანძღვით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით“ გამოედევნენ.

დეპუტატის განცხადებით, სიტუაციის განსამუხტად მან გზის მოპირდაპირე მხარეს, პარლამენტის წინ მდგარი პოლიციელები მოიყვანა, თუმცა მამაკაცებმა მუქარა და შეურაცხყოფა სამართალდამცველებთანაც განაგრძეს, რის შემდეგაც პოლიციელებმა მათი გარიდება სცადეს. „როგორც ჩანს, მიჩვეულნი არიან, რომ გაიყვანენ და მერე აბრუნებენ“.

„მაგრამ მე ვუთხარი, რომ არავითარი გარიდება, ესენი უნდა დაისაჯონ-თქო… აუცილებლად უნდა დაისაჯოს ორივე, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური შეხედულებების ან სხვა რამის გამო ვერავინ გაბედოს ასეთი თავდასხმები ჩვენს მოქალაქეებზე“, – ხაზი გაუსვა სამნიძემ.

დავით ბერძენიშვილის განცხადებით, თავდამსხმელებმა მათთან საუბარი სხვა თემებით „განზრახ წამოიწყეს“, შემდეგ კი – გინებაზე გადავიდნენ. მისივე თქმით, 1783 წელს რუსეთთან გაფორმებული ტრაქტატის გამო მათ ერეკლე მეორის მიმართ მისი ძმის, ლევან ბერძენიშვილის კრიტიკაც გაიხსენეს და უთხრეს, რომ „ჩვენს წმინდანს“ აგინებსო.

ბერძენიშვილის თქმით, ერთ-ერთი თავდამსხმელი იმ „ორკების წარმომადგენელია“, რომლებიც 2019 წლის ოქტომბერში გეი თემატიკაზე გადაღებული ფილმის – და ჩვენ ვიცეკვეთ – საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას აპროტესტებდნენ.

მანვე აღნიშნა, რომ როგორც წესი, ადამიანები პატრულის სიახლოვეს მსგავს თავდასხმებს ვერ ბედავენ ხოლმე, თუმცა „როგორც ჩანს, იმედი ჰქონდათ, რომ თავისი პატრონები მიხედავ[დნ]ენ“.

„არავის საციხოდ გამმეტებელი არა ვარ, მაგრამ არც ღირსების შეურაცხყოფას ვაპატიებ ვინმეს“, – თქვა დავით ბერძენიშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ „ხელისუფლება საკუთარი უფლებამოსილებისა და კანონის ფარგლებში მოიქცევა“.

შენიშვნა: მასალა 2022 წლის 6 მაისს, 19:10 სთ-ზე შსს-ს მიერ განახლებული ინფორმაციის შესაბამისად ჩასწორდა. თავდაპირველ ვერსიაში ნათქვამი იყო, რომ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 226- ე მუხლით დაიწყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button