ახალი ამბები

თბილისის საკრებულოს „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი თანამშრომელზე ძალადობის საქმეზე გაამართლეს

თითქმის სამწლიანი დავის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 მაისს გაამართლა დედაქალაქის საკრებულოს ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ილია ჯიშკარიანი, რომელსაც მისივე ბიუროს თანამშრომელი, თამთა თოდაძე ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა.

სასამართლოში თოდაძის უფლებებს ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარი“ იცავდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ განაცხადა, რომ „უამრავი მტკიცებულების ფონზე“, „სასამართლო კლანის წევრმა“ მოსამართლე ლია ორკოდაშვილმა „ქოცი პოლიტიკოსი“ მაინც გაამართლა.

„არ არის სამართალი ამ ქვეყანაში… ბოლომდე ვიბრძოლებთ, სტრასბურგშიც წავალთ… სიმართლეს ვერავინ შეცვლის! სიმართლეს ვერავინ დამალავს!“, – დაწერა მან Facebook-ზე.

თავად ილია ჯიშკარიანის შეფასებით, „ეს საშინელი, ბინძური ჭუჭყის შესხმა“ მის „პოლიტიკურ დისკრედიტაციას“ უკავშირდებოდა.


ილია ჯიშკარიანის მხრიდან თანამშრომელზე სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის 2019 წლის 4 ოქტომბერს „მთავარი არხის“ ეთერიდან გახდა ცნობილი.

ტელეკომპანიასთან საუბარში თამთა თოდაძე ამბობდა, რომ საკუთარ ბიუროში მისულმა ისნის მაჟორიტარმა დეპუტატმა მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, უარის მიღების შემდეგ კი – მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მისი კუთვნილი მობილური ტელეფონიც დაამტვრია.

ილია ჯიშკარიანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი სავარაუდო ძალადობიდან დაახლოებით 10 დღეში, 8 ოქტომბერს წარუდგინა.

გამოძიება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავებოდა, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სექსუალური ხასიათის ქმედებას, ასევე ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

ბრალის წარდგენიდან სამ დღეში, 11 ოქტომბერს, სასამართლომ ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button