ახალი ამბები

სასამართლომ ძალადობაში ბრალდებულ ოცნების დეპუტატს გირაო შეუფარდა

Tags

თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატს ილია ჯიშკარიანს, რომელსაც მისივე ბიუროს თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და მსხვერპლთან მიახლოება, ასევე სპეციალური ნებართვის გარეშე მოწმეებთან კომუნიკაცია აუკრძალა.

ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ გაიმართა, სადაც ბრალდებული, როგორც მისი ადვოკატი და ახლობლები განმარტავენ, რამდენიმე დღის წინ გულის პრობლემით გადაიყვანეს და დღემდე მკურნალობს.

ჯიშკარიანისთვის გირაოს შეფარდებას არ ეთანხმება თამთა თოდაძის ადვოკატი, თამარ ლუკავა, რომელიც მიიჩნევს, რომ „ეს აღკვეთის ღონისძიება ვერ იქნება შემაკავებელი“. ის ასევე სკეპტიკურად აფასებს ჯიშკარიანისთვის დაწესებულ დამატებით შეზღუდვასაც, რომელიც ბრალდებულს ნებართვის გარეშე მოწმეებთან კომუნიკაციას უკრძალავს. „თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ერთ სამსახურში დასაქმებული პირებისთვის სპეციალური ნებართვა რამდენჯერ უნდა გასცეს პროკურატურამ?“, – თქვა ლუკავამ.

მედიასთან კომენტარი პროკურორმა, თამარ იაკობიძემაც გააკეთა. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის ბრალდებულის წინააღმდეგ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება სრულიად საკმარისია და, „თუ ილია ჯიშკარიანის მხრიდან დაირღვევა აღკვეთის ღონისძიების რომელიმე მოთხოვნა, ბრალდების მხარე უფრო მკაცრ ღონისძიებას მიმართავს“.

განმარტებები ჯიშკარიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, ბრალდებულის მხარეს „არ ექნება დისკომფორტი“, თუკი ჯიშკარიანის სამუშაო ადგილას აუდიო-ვიდეო კონტროლის სისტემა დამონტაჟდება და ასევე მისი გადაადგილებაც გაკონტროლდება.

კუბლაშვილმა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან თამთა თოდაძეზე ძალადობა კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ „ცემას სჭირდება მტკიცება და უნდა არსებობდეს შესაბამისი დაზიანებები“. მისივე თქმით, „ბრალდების წაყენება არ არის რაიმე მტკიცება იმისა, რომ პირი აუცილებლად დამნაშავეა“.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 ნოემბერს გაიმართება.

ილია ჯიშკარიანის მხრიდან თანამშრომელზე სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის 4 ოქტომბერს „მთავარი არხის“ ეთერიდან გახდა ცნობილი.

ტელეკომპანიასთან საუბარში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი ამბობდა, რომ საკუთარ ბიუროში მისულმა დეპუტატმა მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, უარის მიღების შემდეგ კი, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ამასთან მისი კუთვნილი მობილური ტელეფონიც დაამტვრია.

ილია ჯიშკარიანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი სავარაუდო ძალადობიდან დაახლოებით 10 დღეში, 8 ოქტომბერს წარუდგინა. იმავე დღეს საგამოძიებო უწყებამ სავარაუდო ძალადობის მსხვერპლს თამთა თოდაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.

ასევე ნახეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button