skip to content
ახალი ამბები

შემოწირულებების კუთხით ქართული ოცნება ლიდერობს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 სექტემბრიდან 21 სექტემბრამდე პერიოდში, პოლიტიკურმა პარტიებმა და მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ჯამში სულ 9 773 788 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღეს.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ამ პერიოდში, 61 შემოწმებული პარტიიდან 32-ს, ასევე მაჟორიტარობის 9 დამოუკიდებელი კანდიდატიდან 4-ს შემოწირულება საერთოდ არ მიუღია.

საანგარიშო პერიოდში, ყველაზე დიდი შემოწირულება – 5 336 450 ლარი ქართულმა ოცნებამ მიიღო, რაც მთლიანი შემოწირულებების დაახლოებით 55%-ია.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, პარტიამ ლელო საქართველოსთვის 1 019 154 ლარი მიიღო, რაც მთლიანო შემოწირულებების 11%-ია. შემდეგ მოდის „სტრატეგია აღმაშენებელი“ 959 879 ლარით (10%).

აუდიტის სამსახურის თანახმად, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე დიდი თანხა – 694 261 ლარი (7%) ევროპულმა საქართველომ მიიღო. შემდეგ მოდიან – პატრიოტთა ალიანსი – 486 500 ლარით (5%) და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 450 419 ლარით (4.6%).

ამავე ინფორმაციით, მთლიანი კამპანიის შემოწირულებების 92% ქართულმა ოცნებამ, ლელო საქართველოსთვის, სტრატეგია აღმაშენებელმა, ევროპულმა საქართველომ, პატრიოტთა ალიანსმა და ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღეს. ამასთან, იურიდიულმა პირებმა თანხა მხოლოდ ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შესწირეს.

პოლიტიკური რეკლამები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, პოლიტიკურმა პარტიებმა და მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატებმა პოლიტიკურ რეკლამებზე 6 369 113 ლარი დახარჯეს.

რეკლამაში ყველაზე მეტი თანხა – 3 197 851 ლარი ქართულმა ოცნებამ დახარჯა, რაც რეკლამაზე დახარჯული მთლიანი თანხის 50%-ია. შემდეგ მოდის სტრატეგია აღმაშენებელი – 913 272 ლარით (14%) და ლელო საქართველოსთვის – 667 286 ლარით (10%).

საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა – ევროპულმა საქართველომ, პატრიოტთა ალიანსმა და ნაციონალურმა მოძრაობამ რეკლამისთვის – 539 905 ლარი, 473 351 ლარი და 188 088 (8%, 7% და 3%) დახარჯეს.

შემოწირულებების მსგავსად, ქართულმა ოცნებამ, ლელო საქართველოსთვის, სტრატეგია აღმაშენებელმა, ევროპულმა საქართველომ, პატრიოტთა ალიანსმა და ნაციონალურმა მოძრაობამ რეკლამაზე დახარჯული მთლიანი თანხის 94% დახარჯეს. მათ შორის, ფასიანი სატელევიზიო რეკლამით მხოლოდ ქართულმა ოცნებამ და სტრატეგია აღმაშენებელმა ისარგებლეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button