ახალი ამბები

აუდიტის სამსახურმა თავდაცვის სამინისტროს ფინანსურ ანგარიშგებაში უზუსტობა აღმოაჩინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 16 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების შემოწმებისას 697.4 მილიონი ლარის უზუსტობა აღმოაჩინა.

აუდიტის სამსახურმა განაცხადა, რომ უზუსტობები, ძირითადად, გამოწვეულია თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული ერთეულების მიერ ანგარიშგების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით. აუდიტის თქმით, თავდაცვის ძალებში აღრიცხვის პრაქტიკა არ შეესაბამება აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებს, ხოლო ფინანსების მართვის დეპარტამენტში სამხედრო ქვედანაყოფებიდან მიღებული ფინანსური ინფორმაცია აღირიცხება მხოლოდ ყოველთვიური ჯამური თანხებით და არ ხდება ქვედანაყოფების ფინანსური აღრიცხვის კონტროლი ყოველდღიური ტრანზაქციის დონეზე. ნაშთებს შორის სხვაობების მიზეზები დაკავშირებულია სააღრიცხვო პოლიტიკის არარსებობასთან და რიგ შემთხვევებში ფინანსური ანგარიშგების მომზადებაზე პასუხისმგებელი პირების კომპეტენციასთან.

„ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, სამხედრო ქვედანაყოფების სააღრიცხვო ინფორმაციაში მოცემული საბალანსო ანგარიშების ნაშთები არსებითად განსხვავდება მათ შესახებ ფინანსების მართვის დეპარტამენტში არსებული ნაშთებისაგან“, – ნათქვამია ანგარიშში. შესაბამისად, სარდლობებისა და მათი ქვედანაყოფების მიერ სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში წარმოდგენილი აქტივების რაოდენობრივი მონაცემები და აქტივებთან დაკავშირებული სხვა ფინანსური ინფორმაცია, „ვერ უზრუნველყოფს ურთიერთშესადარისობასა და სანდოობას“, – აცხადებს სახელწიფო აუდიტის სამსახური.

ანგარიშის თანახმად, სამინისტრომ განმარტა, რომ „2020 წელს განხორციელდა შესაბამისი ღონისძიებები მონაცემებს შორის სხვაობების შემცირების მიზნით და აღნიშნული უზუსტობების ჯამური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა“.

ანგარიში ასევე უსვამს ხაზს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს შორის დროული და ეფექტიანი კომუნიკაციის, აქტივების სათანადო შეფასების, აღრიცხვისა და კონტროლის ნაკლებობას.

აუდიტის სამსახურმა განაცხადა, რომ სამინისტროს დაქვემდებარებულმა ერთმა სტრუქტურულმა ერთეულმა მხოლოდ 2020 წლის თებერვალში აღრიცხა 4.8 მლნ ლარის ღირებულების სატრანსპორტო საშუალებები, რომელიც მან გრანტის სახით 2019 წელს მიიღო.

ანგარიშის თანახმად, ზოგიერთ შემთხვევაში სამინისტროს მიერ თანხობრივად აღრიცხულია ისეთი აქტივები, რომლებიც განბაჟებული არ არის.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ანგარიშში აღნიშნა, რომ უზუსტობების გამო, კონსოლიდირებული საკრედიტო და სადებეტო ნაშთები, ასევე თავდაცვის სამინისტროსა და მისი დანაყოფების მატერიალური მარაგები არ ასახავს მათ რეალურ მოცულობას.

თავდაცვის სამინისტროს პასუხი

თავდაცვის სამინისტრომ დღეს განმარტა, რომ ფინანსური ანგარიშგების გაუმჯობესების მიზნით უწყებამ 2020 წელს მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა, რაც უზრუნველყოფს მონაცემებს შორის ცდომილების მინიმუმამდე დაყვანას. ამასთან, „აუდიტის სამსახურთან შეთანხმებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, რეკომენდაციების შესრულება ამ ეტაპზეც გრძელდება“.

სამინისტროს განცხადებით, დებიტორული დავალიანების დიდი ნაწილი – 238 964 804 ლარი 2010 წლამდე არსებული დავალიანებაა,რომელიც წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების „სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს ეხება, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს.

უწყებისვე განმარტებით, რიგ შემთხვევებში სამინისტროს მიერ განუბაჟებელი საქონლის თანხობრივად აღრიცხვაც ხდება, თუმცა ის აღრიცხვის სრულყოფილი ფორმა არ არის. შესაბამისად „სამინისტროს მიერ ხდება ფინანსური ანგარიშგების ძირეულ პორბლემებზე კონცენტრირება და გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ღონისძებების გატარება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button