skip to content
ახალი ამბები

კომპანია „ბორჯომი“ პროდუქციის წარმოებას დროებით აჩერებს 

რუსეთის მფლობელობაში არსებულმა მინერალური წყლების კომპანია „IDS ბორჯომი საქართველომ“ დღეს განაცხდა, რომ უკრაინაში რუსეთის ომით გამოწვეული რთული გარემოებების გამო ორივე ქარხანაში პროდუქციის წარმოებას დროებით აჩერებს.

მოკლე განცხადებაში კომპანიამ აღნიშნა, რომ პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე – რუსეთსა და უკრაინაში – შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც „კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა“.

კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ დღემდე სიტუაციის არსებითი გამოსწორების იმედით ის აგრძელებდა ფუნქციონირებას. „იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარება უახლოეს მომავალში გამოსწორდება და მოგვეცემა ფუნქციონირების განახლების შესაძლებლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომპანია მინერალურ წყლებს – „ბორჯომი“, „ლიკანი“, „მიტარბი“ და ნატურალურ წყალს „ბაკურიანი“ აწარმოებს.

„IDS ბორჯომი საქართველო“ კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულ კიურასაოში დარეგისტრირებული IDS Borjomi International-ის შვილობილი კომპანიაა.

2013 წლიდან, IDS Borjomi International-ის საკონტროლო პაკეტს რუსული „ალფა ჯგუფი“ ფლობს. ჯგუფის თანადამფუძნებელი რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანია.

„ალფა ჯგუფის“ შვილობილი კომპანია, „ალფა ბანკი“, რუსეთის უმსხვილესი კერძო ბანკი, უკრაინაში ომის გამო აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს სანქციების სამიზნე გახდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button