ახალი ამბები

„ვითიბი ბანკი ჯორჯია“ საერთაშორისო სანქციების სამიზნე გახდა

რუსეთის სახელმწიფო ბანკის, „ვითიბი ბანკის“ საქართველოს ფილიალი აშშ დოლარში, ბრიტანულ ფუნტსა და ევროში ტრანზაქციებს ვეღარ განახორციელებს, რადგანაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირმა და სხვა მოკავშირეებმა უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ რუსეთის ფინანსურ ინსტიტუტებს სანქციები დაუწესეს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 25 თებერვალს განაცხადა, რომ ის, როგორც კომერციული ბანკების მარეგულირებელი, მოქმედებს „ვითიბი ბანკი ჯორჯიაზე” დაწესებული ფინანსური სანქციების გათვალისწინებით და ამიტომ, ბანკს შეეზღუდა შესაბამის ვალუტაში ტრანზაქციების განხორციელება.

თავდაპირველ განცხადებაში, ეროვნულმა ბანკმა მზადყოფნა გამოხატა ლიკვიდობის საჭიროების შემთხვევაში, ბანკი შესაბამისი რესურსით უზრუნველყოს.

თუმცა, მოგვიანებით განცხადება განაახლა, რომელშიც მოცემული მონაკვეთი აღარ იძებნება.

განცხადების ახალ ვერსიაში, ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ის დაიცავს „ბანკის მეანაბრეების, საქართველოს მოქალაქეების“ ინტერესებს და იზრუნებს ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობაზე.

მისი თქმით, ეროვნული ბანკი უწყვეტ რეჟიმში აკვირდება მოვლენებს და მზად არის, „საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო სტანდარტებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ინსტრუმენტების გამოყენებით დაიცვას ბანკის მეანაბრეების ინტერესები“.

თავის მხრივ, „ვითიბი ბანკი ჯორჯიამ“ განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“, საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად, სანქციების დაწესების შემთხვევაში, შემუშავებული ჰქონდა სამოქმედო გეგმა.

მისივე თქმით, ლიკვიდობის საჭიროების შემთხვევაში, სებ-ი მზად არის უზრუნველყოს ბანკი შესაბამისი რესურსით.

თუმცა, ბანკმა ასევე აღნიშნა, რომ მას „შესაძლებლობა აქვს, საჭიროების შემთხვევაში, სრულად დაფაროს კლიენტების ვალდებულებები“.

„ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ თქმით, მისი მთლიანი აქტივების შეფარდება კლიენტთა სახსრებსა და რეზიდენტი ბანკების დეპოზიტებთან 135%-ს აღემატება.

ბანკის თქმით, ის განაგრძობს საქართველოში ფუნქციონირებას და აღნიშნა, რომ ბანკის ნებისმიერ კლიენტს შესაძლებლობა ექნება, სურვილის შემთხვევაში, გადარიცხოს საკუთარი სახსრები სხვა ბანკში ან გაიტანოს ნაღდი ფულის სახით.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი არ შეუერთდება რუსეთზე უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.

შენიშვნა: ეროვნული ბანკის თავდაპირველ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ უცხოურ ვალუტაში ტრანზაქციებზე შეზღუდვები 26 მარტიდან ამოქმედდებოდა. იქვე ხაზგასმული იყო, რომ „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ გადახდისუნარიანი რჩებოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button