skip to content
ახალი ამბები

დავით ზალკალიანი გაერთიანებული სამეფოს დიპლომატს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დღეს გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ჯეიმს კლევერლის ტელეფონით ესაუბრა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ორმა დიპლომატმა უკრაინაში რუსეთის შეჭრა და ის მყიფე გეოპოლიტიკური გარემო განიხილეს, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. მხარეებმა ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზეც გაამახვილეს ყურადღება.

ორი ქვეყნის დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში კრემლის აგრესიული ქმედებები არის სწორედ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის გამოძახილი და რუსეთის მიერ გავლენის სფეროებისთვის ბრძოლის მორიგი მანიფესტაცია.

საქართველოს საგარეო უწყებისვე ცნობით, დავით ზალკალიანმა ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული და თანმიმდევრული პოზიციის მნიშვნელობას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის საპასუხოდ.

ამავე ინფორმაციით, ჯეიმს კლევერლიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპირობო მხარდაჭერა. მანვე აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევებისა და მზარდი საფრთხეების ფონზე, საქართველო „მარტო არ არის“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button