skip to content
ახალი ამბები

კალაძე: „დავამთავროთ ბოლშევიზმი, ბოროტება, რასაც განასახიერებს ნაციონალური მოძრაობა“

დედაქალაქის მოქმედმა მერმა და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ 18 ოქტომბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მოქალაქეებს იმ „ბოლშევიზმის“, „ბოროტებისა“ და „სიცრუის“ დასრულებისკენ მოუწოდა, რასაც „განასახიერებს ნაციონალური მოძრაობა ამ ქვეყანაში“.

კახა კალაძემ, რომელიც 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, ნიკა მელიას დაუპირისპირდება მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და მათ ყოფილი ხელისუფლების „ბნელი წარსული“ შეახსენა.

„სამწუხაროდ, დღესაც გვიწევს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველას, როგორ ხდებოდა მოქალაქეების ღირსების შელახვა, ძალადობა, ტერორი, საკუთრების ხელყოფა, უდანაშაულო ახალგაზრდების მკვლელობა, სიტყვის თავისუფლების ფეხქვეშ გათელვა, მედიის დარბევა, ცინიზმი, ტყუილი, რეკეტი“, – განაცხადა მან.

მანვე მისი ოპონენტი ნიკა მელიაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „ფასეული წინადადებების“ ნაცვლად, მისი კამპანია „ხელისუფლების გადატრიალებაზე, არეულობის შექმნასა და ე.წ. რეფერენდუმზე იყო აგებული“.

„[ნიკა მელიას] დღემდე ქვეყნისა და ქალაქისთვის არასდროს არაფერი გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ კერძო კომპანიებს აკოტრებდა, სახელმწიფო შენობებში შეჭრას ცდილობდა და გამუდმებით ხულიგნურ პროვოკაციებს აწყობდა“, – თქვა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდი „უპრეცედენტო აგრესიის, სიძულვილისა და სიცრუის კამპანიის“ ობიექტი გახდა, მან ოპონენტების „ნაკლოვანებების“ წარმოჩენის ნაცვლად, „ევროპული სტილის, მომავალზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია“ არჩია, რომლის მიზანიც მოქალაქეებისთვის „კარგად გააზრებული გეგმის“ შეთავაზებაა.

„თბილისს და საქართველოს არ ჭირდება რევანში და ქაოსი, არამედ ჭირდება პროგრესი და მშვიდობა“, – განაცხადა კახა კალაძემ და დასძინა, რომ „30 ოქტომბერს გაიმარჯვებს პროგრესი და სტაბილურობა რევანშსა და ქაოსზე!“.

გუშინვე, ქართულმა ოცნებამ პარტიის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უხერხულ კადრებს, ასევე ნაციონალური მოძრაობისდროინდელი დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას აქციაზე სიტყვით გამოსვლას შეიცავს.

ვიდეოში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას კადრებიც ჩანს, რა დროსაც იგი პარლამენტის წინ 2019 წლის 19-20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციაზე იმყოფებოდა.

ქართული ოცნების მიერ გავრცელებული ვიდეოს დასასრულს ჩანს და ისმის შემდეგი ტექსტი – „ნაცობა სირცხვილია… დავამთავროთ ნაცები!“.

ნაციონალური მოძრაობის პასუხი

ქართული ოცნების მიერ გავრცელებულ ვიდეოს „წარმოუდგენელი სიბინძურე“ უწოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.

მისი თქმით, „9 წლის შემდეგ, ქართული ოცნების მთავარი კამპანია არის კლიპი, რომელსაც აწერია – „ნაცობა სირცხვილია““ .

„ქართული ოცნების ოფიციალურ ფბ-ზეა მოწოდება ოპოზიციური პარტიის განადგურებისკენ“, – წერს Facebook-ზე ხატია დეკანოიძე.


2 ოქტომბერს, ხმის მიცემის პროცესის დასრულებისა და ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით კომპანია „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ, მმართველმა პარტიამ კალაძის პირველი ტურში გამარჯვება აღნიშნა. პრემიერ-მინისტრმა მაშინ მხარდამჭერებს „ღირსეული გამარჯვება“ მიულოცა და თქვა – „მინდა მივმართო ოპონენტებს, დღეს დავასრულეთ სიძულვილისა და სიცრუის ეპოქა და ხვალიდან უნდა დაიწყოს ქვეყანაში სიმშვიდის, განვითარების, სტაბილურობის ხანა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button