skip to content
ახალი ამბები

ქართული ოცნების ლიდერები არჩევნებში „დიდებულ გამარჯვებას“ აღნიშნავენ 

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით კომპანია „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, კახა კალაძემ თბილისის მერობისთვის ბრძოლა პირველივე ტურში მოიგო, ქართულმა ოცნებამ კი – 47.6% მიიღო, მმართველი გუნდის ლიდერები 2 ოქტომბრის არჩევნებში „დიდებული გამარჯვების“ აღსანიშნავად პარტიის ცენტრალური ოფისის წინ შეიკრიბნენ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეკრებილ მხარდამჭერებს თვითმმართველობის არჩევნებში „ღირსეული გამარჯვება“ მიულოცა.

„მინდა მივმართო ოპონენტებს, დღეს დავასრულეთ სიძულვილისა და სიცრუის ეპოქა და ხვალიდან უნდა დაიწყოს ქვეყანაში სიმშვიდის, განვითარების, სტაბილურობის ხანა“, – განაცხადა პრემიერმა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მხარდამჭერებსა და თანაგუნდელებს გამარჯვება მიულოცა. „10 წლის წინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა ქართული ოცნება, მაშინ პირველი გამარჯვების არავის სჯეროდა, თუმცა იმის შემდეგ ჩვენ მოვიპოვეთ ზედიზედ უკვე მერვე გამარჯვება და დიდი გამარჯვებები კიდევ წინ არის“, – განაცხადა კობახიძემ.

თავის მხრივ, თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ თბილისელებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და მზადყოფნა გამოხატა, რომ 24-საათიან რეჟიმში ემსახუროს დედაქალაქს.

აღნიშნა რა, რომ მშვიდობა და სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, კალაძემ განაცხადა, რომ „დღევანდელი ჩვენი წარმატება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შემდეგი სამი წელი მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წინასწარი შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია, ხოლო ეგზიტპოლები განსხვავებულ შედეგებს აჩვენებს. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლისგან განსხვავებით, „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლებით კალაძესა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ნიკა მელიას შორის მეორე ტური უნდა გაიმართოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button