skip to content
ახალი ამბები

ნიკა მელიამ მეორე ტურებში ოპოზიციის გამარჯვების შანსებზე ისაუბრა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და დედაქალაქის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ 30 ოქტომბერს დაგეგმილ მერების არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის გამარჯვების შანსებზე ისაუბრა.

„თბილისში, როდესაც ჯამურად პირწმინდად დამარცხდა ხელისუფლება, ესეც მიუთითებს იმ შანსზე, რომელიც 30 ოქტომბერს ჩვენ გვექნება და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა მელიამ და დასძინა – „დიახაც, შანსი გვაქვს, რომ ერთხელ და სამუდამოდ, თბილისის მერია იყოს მრავალფეროვანი ადამიანებით დაკომპლექტებული და არა იმ ადამიანებით, რომლებიც პატაკს აბარებენ ერთ ადამიანს“.

ცესკოს წინასწარი შედეგებით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნიკა მელია ამომრჩევლის ხმების 33.95% მიიღო, მისმა კონკურენტმა და დედაქალაქის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ კი – 45.06%. ნიკა მელიას კანდიდატურას მხარს ასევე უჭერენ ევროპული საქართველო, გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა.

წამყვანის კითხვაზე, თუ რას უპირისპირებს ოპოზიცია მეორე ტურში ხელისუფლების მხრიდან მოსყიდვებისა და დაშინების მცდელობებს, ნიკა მელიამ უპასუხა – „კიდევ უფრო მეტი მობილიზაცია, კიდევ უფრო მეტი სიფხიზლე და კიდევ უფრო მეტი ერთობა“.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ „ყველაზე მყარი გარანტია, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების, არის ყველა დიდ ქალაქში ხელისუფლების რეჟიმის მარცხი“. თბილისთან ერთად, მერების ასარჩევად მეორე ტური გაიმართება დანარჩენ ოთხ თვითმმართველ ქალაქშიც – რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში. ასევე, სამეგრელოს კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ზუგდიდში, სადაც ნაციონალური მოძრაობა ლიდერობს.

ნიკა მელიამ იმედი გამოთქვა, რომ მეორე ტურამდე მერობის კანდიდატებს ყველა წამყვან ტელეკომპანიაში დებატის შესაძლებლობაც ექნებათ. მისივე თქმით, მეორე ტურამდე იგი საზოგადოების წინაშე საკუთარ „კოალიციურ გუნდთან“ ერთად წარსდგება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button