skip to content
ახალი ამბები

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 15 მლნ აშშ დოლარის სესხი დაუმტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესაძენად და ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო შესაძლებლობების გასაძლიერებლად საქართველოს 15 მლნ აშშ დოლარის სესხი დაუმტკიცა.

აზიის განვითარების ბანკის ცნობით, სესხი დაეხმარება საქართველოს დაახლოებით 700 000 დოზა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის, ასევე ნემსების, უსაფრთხოების ყუთებისა და ვაქცინაციისთვის საჭირო სხვა ნივთების შეძენასა და ჩამოტანაში.

ამავე ინფორმაციით, აღნიშნული დოზებით, საქართველო 300 000-ზე მეტი მოქალაქის აცრას შეძლებს, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 8%-ია.

ბანკმა განაცხადა, რომ საქართველოს უკვე გამოუყო 100 მლნ აშშ დოლარის სესხი მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სოციალური დაცვის მექანიზმებისა და დაზარალებული ბიზნესების მხარდაჭერის დასაფინანსებლად; 200 მლნ აშშ დოლარი საბიუჯეტო სესხი ქვეყნის სოციალური დაცვის, ფისკალური და ვალის მართვის სისტემების გასაძლიერებლად; 2.5 მლნ აშშ დოლარი კი გრანტის სახით მისცა ლაბორატორიული სატესტო შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად.


საგულისხმოა, რომ საქართველოს მთავრობამ უარი თქვა, ევროკავშირის მიერ ქვეყნისთვის „ძალიან ხელსაყრელი პირობებით“ გამოყოფილ სესხზე და მიზეზად „პოლიტიკური ინსინიუაციების თავიდან აცილების მიზნით, საგარეო ვალის შემცირება“ დაასახელა.

ევროკავშირის მიერ გამოყოფილი სესხი ასევე კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეულ საჭიროებებს უნდა მოხმარებოდა. ევროკავშირმა განაცხადა, რომ „საქართველომ [ისედაც] ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა. კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button