skip to content
ახალი ამბები

ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები ვაქცინაციის ტემპის შენელების გამო წუხან

ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებმა წუხილები გამოთქვეს საქართველოში ვაქცინაციის პროცესის ტემპის შენელების გამო იმ ფონზე, როდესაც ბოლო სამ დღეში დღიურად აცრილთა რაოდენობა 12 000 – 15 000 ადამიანამდე შემცირდა. გასულ კვირას დღეში საშუალოდ 20 000 ადამიანი იცრებოდა.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ 22 სექტემბერს განაცხადა, რომ „მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და თავის თავს, ქვეყანას უწყობს საბოტაჟს“.

ცერცვაძის მსგავსად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ 23 სექტემბერს განაცხადა, რომ აცრილთა რაოდენობა მხოლოდ „მეოთხედია“ იმისა, რაც ჯანდაცვის წარმომადგენლებს ჰქონდათ დაგეგმილი.

მისივე თქმით, როგორც კი კოვიდ-19-ის ახალი ტალღა დაიწყება, საქართველოში მკვეთრად გაიზრდება ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა.

იმნაძემ ქვეყანა ისრაელს შეადარა, სადაც მისი თქმით, 100 000 ადამიანზე ინფიცირების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს მაჩვენებელს, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 8-10-ჯერ დაბალია იმუნიზაციის მაღალი მაჩვენებლის გამო. მანვე აღნიშნა, რომ ვაქცინაცია „გადამწყვეტია“.

იმნაძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ დიდი რაოდენობით „ფაიზერის“ ვაქცინას, რომელიც საქართველოში ინახება, ვადა 2021 წლის დეკემბერში გასდის. „გულსატკენია, რომ ის, რაც ბევრი ქვეყნისთვის სანატრელია, ის ვაქცინები გვაქვს და ამას ჩვენი მოსახლეობა არ იყენებს“, – დასძინა მან.

საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეების სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებას არ გეგმავს. ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 22 სექტემბერს ამგვარი ნაბიჯი „ამ ეტაპზე“ გამორიცხა, თუმცა აღნიშნა, რომ ვაქცინაციის მიმდინარე ტემპით კმაყოფილი არ არის.

მისი თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ქართველები „საკმაოდ გონიერები“ არიან და „იმ საინფორმაციო არხებით, რომლებიც სამინისტროს დღესდღეობით აქვს მობილიზებული, ჩვენ შევძლებთ, დავარწმუნოთ მოქალაქეები თავიანთ სასიკეთოდ მიიღონ გადაწყვეტილება ვაქცინაციაზე“. ტიკარაძემ ხაზი გაუსვა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 60 წელს გადაცილებული ადამიანების აცრა, რათა საავადმყოფოები არ გადაიტვირთოს.

23 სექტემბერის მდგომარეობით, მინიმუმ ერთი დოზით 860 701 ადამიანია აცრილი, ორივე დოზით კი – 740 814. საქართველოს ხელისუფლებას 2021 წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის აცრას გეგმავს.

საქართველოში „ფაიზერის“, „ასტრაზენეკას“, „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინებია ხელმისაწვდომი. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სპეციალურად ვაქცინაციისთვის შექმნილი პორტალის თანახმად, ქვეყანაში ამჟამად „ფაიზერის“ 812 909დოზა, „ასტრაზენეკას“ 44 510 დოზა, ასევე „სინავაკისა“ და „სინოფარმის“ 115 757 და 244 758 დოზები გვაქვს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button