skip to content
რესპუბლიკის ამბები

ივლისი, 1921: ნოე რამიშვილმა და კარლო ჩხეიძემ შეხვედრები გამართეს გერმანიის სოციალისტური პარტიის წევრებთან

ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 26 ივლისი, N4

სოციალისტები და საქართველო

გერმანია და საქართველო

პირველი დიდი გასაჭირის დროს, როცა ოსმალეთი წალეკვას გვიპირებდა, ჩვენი ქვეყანა გერმანიამ დაიხსნა განსაცდელისაგან. ეს იყო დამოუკიდებლობის პირველ წელს.

ამ დროიდან გაინასკვა ერთგვარი სულიერი კავშირი ქართველ ხალხსა და გერმანელ ერს შორის.

ამ უკანასკნელად საქართველოს დიდი განსაცდელის ჟამს გერმანია, ყველა წრეები გერმანიის, კვლავ დიდი თანაგრძნობით ეკიდება ჩვენს ხალხს და მისი დამოუკიდებლობის აღდგენას.

ვერავითარი კავშირი მოსკოვთან, ვერავითარი დროებითი მოთხოვნილება პოლიტიკური მომენტის და სხვ. ვერ წაშლის ამ საერთო სურვილს მთელ გერმანელ ერისას. შეიძლება აქ იყოს და, ჩვენ გვწამს, რომ არის დიდი და ღრმა ეკონომიური ინტერესები, დიდი ისტორიული მიზნები და მისწრაფებანი – გადახლართული, მაგრამ ამ ჟამათ ამათ ახსნა-გამოკვლევას ნუ შევუდგებით. ჩვენ მივიღოთ ფაქტი იმ სახით, როგორც ის არის აქედან გამოვიყვანოთ დასკვნანი.

საქართველოს ხალხის წარმომადგენლების კ. ჩხეიძის და ნ. რამიშვილის ჩამოსვლა გერმანიაში კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთია ამ გაბმული სულიერი ძაფის სიძლიერის.

1 ივლისს, ბერლინის ერთ დიდ დარბაზში გაიმართა. კონფერენცია დამოუკ. ს. დ. პარტიის ბერლინის და მისი მიდამოების პასუხისმგებელ მოღვაწეების და დეპუტატების, რომელზედაც მიიწვიეს და მოუსმინეს საქ. სოც. დემ. მუშ. პარტიის წარმომადგენლებს ჩხეიძეს და რამიშვილს.

კრების გახსნის შემდეგ თავმჯდომარე ამხ. კრილლე ესალმება საქ. სოც. დემ და ხალხის წარმომადგენლებს და მოაგონებს დამსწრეთ ჩხეიძის ბრძოლით სავსე წარსულს.

შემდეგ ილაპარაკეს ჩხეიძემ და რამიშვილმა, რომელთაც განუმარტეს კრებას საქართველოს ეხლანდელი მდგომარეობა და მისი საჭიროებანი. კ. ჩხეიძეს მხურვალე თანაგრძნობით და ტაშით შეეგებენ. მის შემდეგ ილაპარაკა რამიშვილმა თავის სიტყვა ასე დაათავა: „საქართველო, რომელიც ასეთი ენერგიით იბრძოდა ცარიზმის წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტის ენერგიით შეებრძოლება ახალ მოვლენილ მოძალადეებს. ჩვენი პარტიის კრებამ თფილისში 10 აპრილს მიიღო რეზოლუცია, რომელშიაც მოითხოვეს მიეცეს საშვალება საქართველოს მშრომელ მასსებს გამოსთქვან თავისი ნებისყოფა თავისუფალი კენჭის ყრის საშვალებით, რომელიც უნდა მოხდეს ევროპის სოციალისტების და კომუნისტების საერთაშორისო შერეულ კომისიის კონტროლის ქვეშ. ჩვენ ვთვლით, რომ თქვენ მხარს დაუჭერთ ამ მოთხოვნას; აღიმაღლეთ ხმა და ჩვენთან ერთათ, მთელ ქართველ ხალხთან ერთათ მოსთხოვეთ მოსკოვის მთავრობას, – რომ მან გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს საზღვრებიდან და მით შეიძლება მისცეს ქართველ ხალხს თავისუფლად და დამოუკიდებლად გადასწყვიტოს თავის ბედი (მხურვალე ტაში)“. შემდეგ კრებიდან მრავალი კითხვები წამოაყენეს, რომელზედაც დაწვრილებით გასცეს პასუხი ჩხეიძემ და რამიშვილმა.

საბოლოო სიტყვაში კრების თავმჯდომარემ ამხანაგმა კრილლემ განაცხადა: „მართალია, აქამდე ჩვენ არ გვქონია შემთხვევა ასე აშკარათ და ნათლათ დაგვენახა პრაქტიკულათ კომუნისტების დაპყრობითი პოლიტიკის შედეგები, მაგრამ ბოლშევიზმის თეორიებმა გამოიწვია ჩვენს შორის გარკვეული უარყოფითი დამოკიდებულება როგორც ამ თეორებთან ისე მოსკოვთან. ამხანაგმა კრილლემ აღნიშნა, რომ კრება ერთხმათ და ერთსულოვნათ იზიარებს საქართველოს სოციალ-დემ. თვალსაზრისს, რომ მოეთხოვოს მოსკოვს საქართველოდან ჯარის გაყვანა (დიდი და ხანგრძლივი ტაშის ცემა მთელი კრების). ვარწმუნებ რა საქართველოს მუშათა წარმომადგენლებს, რომ გერმანიის პროლეტარიატი მხურვალე თანაგრძნობით ეკიდება ქართველ ხალხის ბედს და არ დაიშურებს მისთვის დახმარებას, კრებას დახურულათ ვაცხადებ“ (ხანგრძლივი ტაში და ერთსულოვანი ოვაციები წარმომადგენლების მიმართ).

5 ივლისს ჩხეიძე და რამიშვილი დაესწრენ გერმანიის სოც. დემ პარტიის (უმრავლესობის) პასუხისმგებელ მუშაკთა და დეპუტატთა კრებას. ქართველი ხალხის წარმომადგენლებს დამსწრენი მხურვალე ტაშისცემით და ოვაციებით მიეგებენ.

პირველათ კრებას მიმართა საქართველოს სოც.-დემ პარტიის და ხალხის სახელით – კ. ჩხეიძემ. მისი სიტყვის ყოველ წინადადებას ძლიერი ტაშისცემით აწყვეტინებდენ, თან გაისმოდა საქართველოსადმი თანაგრძნობის სიტყვები. კ. ჩხეიძემ აღნიშნა ის განუწყვეტელი იდეური და მორალური კავშირი, რომელიც მუდამ არსებობდა გერმანიის და საქართველოს ნორჩ მუშათა მოძრაობის შორის და რომელშიც გერმანიას ეკუთვნებოდა დიდი მასწავლებლის როლი პატარა საქართველოსთვის. შემდეგ მან მოკლეთ დაასურათა მთავარი ეტაპები საქართველოს მუშათა კლასის ბრძოლისა ცარიზმის წინააღმდეგ და რევოლიუციის შემდეგ დამოუკიდებლობის და დემოკრატიზმის დასაცველად. დაახასიათა ბოლშევიკების თავდასხმა და ის რბევა-დანგრევის სურათი, რომელსაც წარმოადგენს დღევანდელი საქართველო, კომუნისტების მახვილით დაპყრობილი…

თავის სიტყვა კარლო ჩხეიძემ ასე დაათავა: „ახლა თქვენ თვით განსაჯეთ, შეუძლია საქართველოს, რომელიც ასე წინ წავიდა სოციალიზმის განხორციელების გზაზე, შეურიგდეს ბოლშევიკების უხეშ ტერორს და უცხო, ნახევრათ ველური, ყაჩაღური ჯარის ბატონობას, იმ ჯარის, რომელმაც წერა-კითხვაც არ იცის! (კრებამ ამ სიტყვებზე ენერგიულათ შემოსძახა: არა, არავითარ შემთხვევაში.) დიახაც რომ არა, უპასუხებს კარლო ამ გამოძახილზე, ქართველი ხალხი არასოდეს არ შეურიგდება ამ მოძალადეების რეჟიმს (ძლიერმა „ვაშამ“ იგრიალა დარბაზში), ჩვენი მუშათა კლასი დიდი გახდა ამ ბრძოლაში და ის შეუპოვრათ განაგრძობს ბრძოლას, სანამ არ გადაიძრობს ამ უხეშ უღელს ისე, როგორც წინეთ გადაიძრო უღელი თვითმპყრობელობის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გერმანიის სოც.-დემოკრატები ამ ბრძოლაში გარკვეულ პოზიციას დაიკავებს და არ დაიშურებს იმ მორალურ დახმარებას, რომელსაც ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გაუმარჯოს გერმანიის სოც.-დემ. გაუმარჯოს სოციალიზმს“ (ხანგრძლივი და ძლიერი ტაში).

შემდეგ სიტყვა წარმოსთქვა ნოე რამიშვილმა, რომელმაც დაწვრილებით გააცნო კრებას საქართველოში ბოლშევიკების შემოჭრის ისტორია და დღევანდელი აწეწილი მდგომარეობა ჩვენი ქვეყნის. ეს სიტყვაც დიდი ინტერესით მოისმინეს და ხანგრძლივი და ხშირი ტაშით დააჯილდოვეს.

გერმანიის სოციალ-დემოკრატების სახელით ამხანაგმა კრიუგერმა განაცხადა, რომ ქართველი ამხანაგები დარწმუნებული უნდა იყვენ იმაში, რომ გერმანიის სოციალ-დემოკრატების მხურვალე სიმპატია ერთიანათ მათ მხარეზეა. მართალია, განაცხადა მან, ჩვენ სურვილი გვაქვს კეთილ-განწყობილება ვიქონიოთ რუსეთთან და თვით საბჭოთა რუსეთთანაც კი, მაგრამ მიუხედავათ ამისა ჩვენ აშკარათ და პირდპაირ უნდა განვაცხადოთ, რომ სასტიკი წინააღმდეგი ვართ ბოლშევიკურ მეთოდების და ბოლშევიკებიც ძალიან ადრე დარწმუნდებიან, რომ მათთვის აუცილებელია არა მარტო უცხო კაპიტალის დახმარება თავის ქვეყნის წარმოების აღსადგენათ, არამედ აგრეთვე საერთაშორისო პროლეტარიატის სიმპატიის მოპოვებაც. მთელი კრება ერთხმათ ტაშისცემით ადასტურებს თავმჯდომარის სიტყვებს და ხელახლა უმართავს ოვაციებს ჩვენს წარმომადგენლებს.

გერმანიის პრესაში დიდი ინტერესია საქართველოს საკითხის გამო. თითქმის ყველა ჟურნალ-გაზეთებში შეხვდებით წერილებს საქართველოს შესახებ, სადაც მისდამი სიმპატია და თანაგრძნობა გამოსჭვივის. მაგ. დავასახელებ ისეთ სერიოზულ ჟურნალს, როგორიც არის დამოუკიდებელ სოციალ-დემოკრატთა „სოციალისტი“. რომელშიც დაწვრილებით არის აწერილი რუსეთის ჯარის ჩვენში შემოჭრის ისტორია; დავასახელებ აგრეთვე ცნობილ ეკონომისტის დამაშკეს რედაქტორობით გამოსულ „აგრარული რეფორმის წლიურს“, სადაც გარჩეულია ჩვენი აგრარული რეფორმა და დაბეჭდილია სრული თარგმანი ჩვენი აგრარული კანონებისა…

როგორც ხედავთ, გერმანიის ხალხი, პოლიტიკური წრეები, მეცნიერები, ყველანი დაინტერესებულნი არიან საქართველოს მუშაობით, მისი ნამოქმედარით, მისი მომავალი ბედით.

მსგავსი/Related

Back to top button