ახალი ამბები

მოსკოვი და პეკინი აშშ-ის მიერ დაფინანსებულ ლაბორატორიებს ეწინააღმდეგებიან

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ იური ავერიანოვმა 11 მაისს განაცხადა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში აშშ-ის და ნატოს მოკავშირეების მიერ დაფინანსებულ ლაბორატორიებში შექმნილი „სასიკვდილოდ სახიფათო მიკროორგანიზმები“ შესაძლოა გარემოში „ვითომ შეცდომით“ გაუშვან. მას, სავარაუდოდ, თბილისში აშშ-ის დაფინანსებით გახსნილი ლუგარის ლაბორატორიაც ჰქონდა მხედველობაში.  

საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში ავერიანოვმა განაცხადა, რომ ამას რუსეთსა და მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება მოჰყვება. მისივე თქმით, კრემლი და მისი სტრუქტურები განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ ლაბორატორიებთან დაკავშირებულ „რისკებს და საფრთხეებს”, მოამზადებენ რა წინადადებებს მათთან დასაპირისპირებლად.

ეს მრავალთაგან ერთი-ერთი ბოლო ბრალდება იყო, რომელიც კრემლის მიერ ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ გაჟღერდა. ლაბორატორია 2011 წელს გახსნიდან მოსკოვის კრიტიკის სამიზნე არაერთხელ გამხდარა. ამას გარდა, 2020 წელს ლუგარის ცენტრი დეზინფორმაციული კამპანიებისა და კიბერთავდასხმის მსხვერპლიც გახდა. თბილისმა მაშინ განაცხადა, რომ კიბერთავდასხმა უცხოურმა სპეცსამსახურმა განახორციელა.  

ქართულ-ამერიკული ლუგარის კვლევითი ცენტრი საქართველოს ხელისუფლებას 2018 წელს გადაეცა. მას შემდეგ, ცენტრის დაფინანსებას და საქმიანობებს მთლიანად ქართული მხარე კურირებს. საქართველოს ხელისუფლება კრემლის ბრალდებებს დეზინფორმაციას უწოდებს.  

პეკინის პოზიცია  

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ხუა ჩუნინგმა 12 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ პეკინმა „არაერთხელ მიმართა ამერიკულ მხარეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ აშშ-ის ბიო-სამხედრო საქმიანობების შესახებ დეტალური განმარტება მიეწოდებინა“.  

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამერიკულ მხარეს დეტალური განმარტება მოგვაწოდონ და კონკრეტული ქმედებები განახორციელონ მისი ბიო-ლაბორატორიების და შესაბამისი საქმიანობების ლეგიტიმურობის, გამჭირვალობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა მან.  

პრესსპიკერმა ასევე განაცხადა, რომ ამ „წუხილების“ მოსაგვარებლად, საჭიროა ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის შესაბამისად, ვერიფიკაციის მექანიზმი შეიქმნას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button