ახალი ამბები

სენატორი ლუგარი აშშ–ის დაფინანსებით შექმნილ ბიოლოგიურ ლაბორატორიას ესტუმრა

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში რესპუბლიკელთა ლიდერი რიჩარდ ლუგარი 12 აგვისტოს საქართველოს ესტუმრა და პრეზიდენტ სააკაშვილს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. მან თბილისში ამერიკის მთავრობის დაფინანსებით შექმნილი ბიოლოგიური კვლევების ლაბორატორიაც მოინახულა.

საქართველო სენატორ ლუგარის ერთკვირიანი ტურნეს ფარგლებში ბოლო ქვეყანა იყო, უკრაინასა და რუსეთში სტუმრობის შემდეგ. ვიზიტის მიზანი ნანის და ლუგარის ერთობლივი საფრთხის შემცირების პროგრამის ხელშეწყობაა. პროგრამა კონგრესმა ოცი წლის წინ დაამტკიცა და მისი მიზანი ბირთვული და ქიმიური განიარაღების საქმეში ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დახმარებაა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია, რომელიც 100 მილიონი დოლარი დაჯდა, 2011 წელს კახეთის გზატკეცილზე გაიხსნა, ხოლო 12 აგვისტოს გამართულ ცერემონიაზე მას რიჩარდ ლუგარის სახელი მიენიჭა იმ ღვაწლისთვის, რომელიც ამერიკელ სენატორს „მსოფლიოში ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხის შემცირების საქმეში მიუძღვის“.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა და სენატორმა ლუგარმა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციულ შენობასაც ჩაუყარეს საფუძველი, სადაც ასევე განთავსდება აშშ–ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის გლობალურ დაავადებათა გამოვლენის პროგრამის და უოლტერ რიდის სახელობის არმიის კვლევითი ინსტიტუტის ოფისები.   

სენატორ ლუგარს თან ახლდა ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური პროგრამების განხრით აშშ–ის თავდაცვის მდივნის თანაშემწე ენდრიუ ვებერი. ვებერი 2011 წლის აპრილში რეფერალური ლაბორატორიის გახსნასაც ესწრებოდა და მოგვიანებით, 2012 წლის მარტში კვლავ ესტუმრა საქართველოს უოლტერ რიდის სახელობის არმიის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელთან ერთად.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ლაბორატორიას დაგეგმილ მოსამზადებელ ცენტრთან ერთად „სტრატეგიული მნიშვნელობა“ აქვს საქართველოსთვის.

ამერიკელ სენატორთან და თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელთან ერთად ლაბორატორიის მონახულებისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა: „ასეთი დონის ინვესტიციებს საბჭოთა კავშირის დროს რუსეთი არასდროს არ დებდა საქართველოში“.

„ისინი ძალიან ფრთხილობდნენ, რომ ჩვენ მსგავს რამეზე ხელმისაწვდომობა არ გვქონოდა. უნდა გვესმოდეს, თუ რა განსხვავებაა ამერიკის მეგობრობასა და იგივე საბჭოთა კავშირის ან რუსეთის სახეცვლილი ფორმის კოლონიურ დამოკიდებულებასა და მორჩილებას შორის“, – განაცხადა მან.

„ამერიკელებს არ ეშინიათ ამ დონის ტექნოლოგიური ინვესტიციების ჩადება მის მეგობარ მოკავშირე ქვეყანაში იმიტომ, რომ ეს არის ასევე ინვესტიცია საქართველოს მომავალში. ამას იმათ გასაგონად ვამბობ, ვინც იძახის ‘რა განსხვავებაა ამერიკას და რუსეთს შორის’; ძალიან დიდი განსხვავებაა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„თუ საბჭოთა კავშირის დროს იყო რაღაც კავშირი ასეთ სენსიტიურ ტექნოლოგიებთან, მერე საბჭოთა კავშირმა, როცა საქართელომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, ეს ყველაფერი დაშალა, შენობებიც კი დაშალა და გაიტანა“, – განაცხადა მან, „ამერიკელებმა ააშენეს სწორედ თავისუფალ საქართველოში, საქართელოს გრძელვადიანი მომავლისთვის“.

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს „როსპოტრებნადზორ“–ის ხელმძღვანელმა, გენადი ონიშჩენკომ, რომელმაც 2006 წელს ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტი მომხმარებელთა უსაფრთხოების მოტივით აკრძალა, 2012 წლის აპრილში განაცხადა, რომ მას ვერ გაუგია, რატომ იმყოფებიან ამერიკელი „სამხედრო ექიმები“ და „ეპიდემიოლოგები“ საქართველოში „ჩვენს საზღვრებთან“.

აშშ–ის საელჩომ თბილისში განაცხადა სენატორ ლუგარის ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ პრეს–რელიზში, რომ ლაბორატორია მიზნად ისახავს „გააძლიეროს და განავითაროს საზოგადოებრივი და ცხოველთა ჯანდაცვა ინფექციურ დაავადებათა აღმოჩენის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობისა და კვლევის გზით და ამით სარგებელი მოუტანოს საქართველოს, კავკასიის მთელ რეგიონსა და მსოფლიო საზოგადოებას“.

„წელს აშშ და საქართველო თანამშრომლობის 20 წლისთავს აღნიშნავენ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური საცნობარო ლაბორატორია სიმბოლოა იმ მნიშვნელოვანი როლისა, რომელსაც საქართველო შესაძლო საფრთხეებისაგან საკუთარი თავისა და რეგიონის დაცვის საქმეში ასრულებს, აგრეთვე სიმბოლოა იმ თანამშრომლობისა, რომელიც აშშ-სა და საქართველოს შორის ამ უმნიშვნელოვანეს სფეროში არსებობს“, – ნათქვამია აშშ–ის საელჩოს პრეს–რელიზში.

21 მარტს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მისი კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებულ მოსმენაზე, საქართველოში აშშ–ის მომავალმა ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, რომ ლაბორატორია „ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია“ როგორც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის, ისე საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ცხოველთა დაავადებების კონტროლის და სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით.

მისი თქმით, აშშ–ის საელჩო თბილისში „აქტიურად უჭერს მხარს ამ პროექტს“ და „აშშ–ის არმია გეგმავს  განათავსოს იქ ადამიანები, რომლებიც ქართველებთან ერთად იმუშავებენ და უზრუნველყოფენ, რომ ლაბორატორია შესაბამისად ასრულებდეს თავის ფუნქციებს“.

თბილისში ვიზიტის დროს სენატორი ლუგარი 12 აგვისტოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც შეხვდა, მათ შორის ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს გიორგი თარგამაძეს და ბიძინა ივანიშვილის ოპოზიური კოალიცია „ქართული ოცნების“ სამ წარმომადგენელს: ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერს ირაკლი ალასანიას; რესპუბლიკური პარტიის ლიდერს დავით უსუფაშვილს და თედო ჯაფარიძეს ივანიშვილის პარტიიდან ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო. შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ერთ–ერთი მთავარი საკითხი, რომელიც მათ შეხვედრაზე განიხილეს, მომავალი საპარლამენტო არჩევნები იყო.

რეფერალურ ლაბორატორიაში ვიზიტის დროს პრეზიდენტმა სააკაშვილმა სენატორი ლუგარი შეაქო იმის გამო, რომ მან ის რეზოლუციები გაიტანა სენატში, რომლის შედეგადაც „საქართველო იღებს შეიარაღებული ძალების აღჭურვაში სრულ დახმარებას“. 

„ჩვენ დავიწყეთ პროგრამები თავდაცვის სფეროში ამერიკასთან თანამშრომლობის. ეს ისტორიული საქმეა საქართველოსთვის. რამდენიმე წლის წინ ამაზე ოცნებაც კი არ შეგვეძლო. ამის ერთ–ერთი მთავარი ავტორია სწორედ სენატორი რიჩარდ ლუგარი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button