skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირი მიესალმება ოპოზიციის ნაწილის პარლამენტში შესვლასა და რურუას შეწყალებას

საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია, 27 აპრილს გავრცელებული განცხადებით, მიესალმა ქართველ პოლიტიკოსთა მიერ 19 აპრილის შეთანხმების კვალად გადადგმულ ნაბიჯებს, კერძოდ, ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილის პარლამენტში შესვლასა და და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ მეწილის გიორგი რურუას შეწყალებას.  

„მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად აირჩიეს [პარლამენტის] ახალი თავმჯდომარე და ამზადებენ კანონპროექტს პოლიტიზებულად აღქმული მართლმსაჯულების საკითხის მოსაგვარებლად“, – თქვა ევროკავშირის წარმომადგენლობამ.  

„ამ რთული გადაწყვეტილებების მიღებას მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამბედაობა სჭირდებოდა. ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს შეთანხმების შესასრულებლად, [გაწერილი] ვადების შესაბამისად, რათა საქართველოს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დღის წესრიგმა წინ წაიწიოს“, – ნათქვამია განცხადებაში. 

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, ხელი მოაწერონ შეთანხმებას და ხელი შეუწყონ მის შესრულებას, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button