ახალი ამბები

ოპოზიციის დეპუტატების ნაწილი პარლამენტში შევიდა

19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციის 12 დეპუტატი პარლამენტში შევიდა. ოპოზიციის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში მათთვის პირველ პლენარულ სხდომას დაესწრნენ.  

პარლამენტში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე სალომე სამადაშვილმა, ნაციონალური მოძრაობის ერთადერთმა დეპუტატმა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში შევიდა, განაცხადა, რომ „დღეს ჩვენ ვნახავთ ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლებას და იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში ასევე ვნახავთ გათავისუფლებულ ნიკა მელიას, რაც შესაძლებლობას მისცემს სრულ ოპოზიციურ სპექტრს, ხელი მოაწეროს ამ შეთანხმებას და ჩვენ ერთად შევძლებთ ამ შეთანხმების განხორციელებას“.  

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში ოპოზიციის შესვლას “ძალიან მნიშვნელოვანი დღე” უწოდა. ჩვენ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრისკენ, მაგრამ ჯერ პოლიტიკური კრიზისი არ არის დასრულებული ქვეყანაში“. „წინ რთული დღეები გველის“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ოპოზიციის დეპუტატებმა უნდა უზრუნველყონ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები შეასრულოს.

პარტია „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია იმუშავებს, რათა სრულად განახლდეს საარჩევნო ადმინისტრაცია და კანონმდებლობა. „ჩვენ ასევე ის მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა განვახორციელოთ, რომელიც ეხება მართლმსაჯულების დეპოლიტიზაციას, სასამართლოს გათავისუფლებას კლანისგან“, – დასძინა ბადრი ჯაფარიძემ.

საპარლამენტო მანდატები შემდეგმა დეპუტატებმა აიღეს: სალომე სამადაშვილი ნაციონალური მოძრაობიდან; ხათუნა სამნიძე რესპუბლიკური პარტიიდან; ბადრი ჯაფარიძემ მამუკა ხაზარაძე, ანა ნაცვლიშვილი და დავით უსუფაშვილი პარტია „ლელოდან“; გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე და თეონა აქუბარდია „სტრატეგია აღმაშენებლიდან“; ზურაბ ჯაფარიძე – „გირჩი – მეტი თავისუფლება“; ასევე არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე, რომლებიც „ევროპული საქართველოს“ სიით არიან არჩეულნი.  

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ვაშაძემ და დავით ბაქრაძემ, ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს ყოფილმა ლიდერებმა, შეთანხმებას ხელი მოაწერეს, დღევანდელ სხდომას ისინი არ დასწრებიან.  შეთანხმების კიდევ ორი ხელმომწერი – იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩიდან“ საკანონმდებლო ორგანოში 19 აპრილს შევიდნენ.  

პლენარულ სხდომაზე გაკეთებული განცხადებები  

დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე იმედი გამოთქვა, რომ „პოლიტიკური დევნის“ საკითხი უახლოეს დღეებში მოგვარდება მელიას და რურუას გათავისუფლებით. მან მხარი ამნისტიის შესახებ სადავო კანონს მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ „ამნისტია ეს არის გზა არა დავიწყებისკენ, არამედ, იარების მოშუშებისკენ, იმისთვის, რომ ჩვენ არ ვიყოთ ჩაჭიდებული წარსულ დრამას, წარსულ ტკივილს და შევძლოთ როგორც საზოგადოება, წავიდეთ წინ“.   

დეპუტატმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საარჩევნო და სასამართლო რეფორმა, ბოიკოტის პირობებში მყოფ ოპოზიციას შედეგის მისაღწევად სულ რაღაც 6 თვე დასჭირდა, მაშინ როცა „მმართველო ძალას ამისათვის 8 წელიწადი ჰქონდა“. „ლელოს“ ლიდერმა უმუშევრობა, უცხოური ინვესტიციების კლება და ვალუტის გაუფასურება საქართველოს მთავარ გამოწვევებად დაასახელა. „ამ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური რევოლუცია“, – განაცხადა მან. 

19 აპრილის შეთანხმების ტექსტში „აღიარებულია“, რომ საქართველოს ჰყავს „პოლიტპატიმრები“, აქვს ცუდი საარჩევნო სისტემა და მიკერძოებული მართლმსაჯულება, – განაცხადა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ. მან შეთანხმებას ასევე „ქართულ პოლიტიკაში ახალი ფურცელი“ უწოდა.  

უთანხმოება ამნისტიის შესახებ პუნქტზე გრძელდება  

ოპოზიციის დეპუტატები პარლამენტის შენობასთან იმ დროს მივიდნენ, როდესაც იქ აქტივისტების მცირემასშტაბიანი პროტესტი იმართებოდა. აქტივისტები ამნისტიის შესახებ პუნქტს აპროტესტებდნენ. მათი თქმით, ამნისტია 20-21 ივნისის მოვლენების ყველა მონაწილეს, მათ შორის სამართალდამცველებს შეეხებათ, რომელთაც „აქციის დაშლის დროს ძალაუფლება ბოროტად გამოიყენეს”.

პარტია „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის დეპუტატები არ დაუჭერენ მხარს ამნისტიის კანონს, თუ ის დამნაშავეების პასუხისმგებლობისგან გაქცევის თუნდაც მცირე რისკს შექმნის. მისი თქმით, ოპოზიციის დეპუტატები ამ საკითის განსახილველად დღეს სამუშაო შეხვედრას გამართავენ.  

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას, სავარაუდოდ, დღეს შეიწყალებს. იმავდროულად, უცნობი რჩება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლების მექანიზმი. გუშინ მელიამ განაცხადა, რომ იგი ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის შემოთავაზებას დათანხმდება, თუ პარლამენტში შესული ოპოზიციის დეპუტატები ამნისტიის კანონს მხარს არ დაუჭერენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button