skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი გადადგა

საქართველოს ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში და ევროკავშირთან ქვეყნის მისიის ხელმძღვანელი, ნატალი საბანაძე გადადგა.

„ეს იყო ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა. ეს იყო მისია სავსე წარმატებებით, ისევე როგორც გამოწვევებით – პროფესიული თუ მორალური. დღეს მოვიდა დრო რომ მე ეს ფურცელი გადავშალო. მივიღე გადაწყვეტილება დამეწერა განცხადება გადადგომის თაობაზე, რომელიც მინისტრმა დააკმაყოფილა“, – დაწერა Facebook-ის გვერდზე საბანაძემ.

ნატალი საბანაძე აღნიშნულ პოზიციას თითქმის რვა წელიწადი, 2013 წლის მაისიდან იკავებდა. დიპლომატიური სამსახურის დაწყებამდე იგი ჰააგაში, ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის უფროს მრჩევლად მსახურობდა. საბანაძე ფლობს დოქტორის ხარისხს ოქსფორდის უნივერსიტეტიდან და ლონდონის ეკონომიკის სკოლის მაგისტრის ხარისხს.

საქართველოს ევროპული მომავალი არის ის მიზანი რომლის მისაღწევად ყოველთვის ვიბრძოლებ. მე მჯერა ამ მიზნის; მჯერა იმიტომ კი არა რომ ევროკავშირის წევრობა პანაცეაა, არამედ იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი გზა რომელიც თავისუფლებას და ღირსებას შეგვინარჩუნებს – დაწერა საბანაძემ.

საბანაძის გადადგომა საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მედიაციის საკითხში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის თბილისში ვიზიტის წარუმატებლად დასრულებას დაემთხვა.

ელჩის განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა: „უწყების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ელჩს გადაწყვეტილი ჰქონდა თანამდებობის დატოვება ასოცირების საბჭოს შემდგომ, რომელიც მ.წ. 16 მარტს გაიმართა. მოგეხსენებათ, რომ ეს იყო ძალზედ მნიშვნელოვანი შეხევდრა ევროკავშირთან, რომელიც 2019 წლის შემდგომ პანდემიის ფონზე პირველად გაიმართა და ძალზედ წარმატებული აღმოჩნდა თავისი შედეგებით“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button