რესპუბლიკის ამბები

რა პირობებში მოხდა საქართველოს იურიდიულად ცნობა?

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1921 წლის 2 თებერვალი, N24

საქართველოს იურიდიულად ცნობის გამო

კონსტანტინეპოლი, 30 იანვარი. თანახმად პარიზიდან მიღებულ ცნობისა საკითხი საქართველოს იურიდიულად ცნობის შესახებ ერთა ლიგის საერთო ყრილობის დახურვის შემდეგ, დეკემბერში, პირველად ანტანტის სახელმწიფოს წინაშე ოფიციალურად საფრანგეთმა აღძრა. ინგლისმა და იტალიამ ამის საპასუხოდ შემოიტანეს წინადადება საკითხის გადადების შესახებ, ეს წინადადება [აღიარების შესახებ] შეერთებულმა შტატებმა უარყვეს. შემდეგ, თანახმად ევროპაში მყოფი საქართველოს წარმომადგენლის წინადადებისა იანვრის დასაწყისში საფრანგეთმა კვლავ აღძრა ეს საკითხი, და დაჟინებით მოითხოვდა მოკავშირეთა მთავრობებიდან განეხილათ იგი, თუმცა არსებულ მომენტს ამისათვის მეტად არა ხელსაყრელად სთვლიდა. იტალია და შემდეგ ინგლისი დათანხმდნენ დაესვათ აღნიშნული საკითხი გადასაწყვეტად პარიზის მომავალ კონფერენციაზე.

საკითხი საქართველოს აღიარების შესახებ პირველად განიხილეს იანვრის 24-ს. საკითხი განხილულ იქმნა მოკავშირეთა სახელმწიფოების პრემიერ მინისტრებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების თათბირზე. საქართველოს აღიარება გადაწყდა იანვრის 26-ს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა, რომელიც უკანასკნელ სამი თვის განმავლობაში განაგრძობდა მოქმედებას ამ მიმართულებით, დაუყოვნებლივ წარადგინა ოფიციალური განცხადება აღიარების შესახებ.

მსგავსი/Related

Back to top button