skip to content
ახალი ამბები

რუსეთის იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე 

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 21 იანვარს განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც მან 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე მიიღო, საქართველოს განაცხადი რუსეთის წინააღმდეგ „უსაფუძვლოა“.

რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალპერინმა აღნიშნა, რომ ქვეყნის წარმომადგენლებმა მოახერხეს დაერწმუნებინათ მოსამართლეები, რომ 2008 წლის 8-12 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებების სამართლებრივი შეფასება „მათ იურისდიქციას სცდება“.

„გარდა ამისა, სასამართლომ ვერ დაადასტურა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების დარღვევის ვერცერთი შემთხვევა“, – განაცხადა მან.

რეალურად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მართალია, მოსკოვი ვერ იქნება პასუხისმგებელი 8-12 აგვისტოს კონფლიქტის აქტიური ფაზის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევაზე, რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე ომის შემდგომ პერიოდში, ასევე პროცედურული თვალსაზრისით მე-2 მუხლის დარღვევაზე, რაც იმას გულისხმობს, რომ მან ვერ უზრუნველყო ეფექტიანი გამოძიება 2008 წლის ომის შემდეგ სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტზე.

სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, „რუსეთის ძალების მნიშვნელოვანმა კონცენტრაციამ და სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ხელისუფლებების დამოკიდებულებამ რუსეთის ფედერაციაზე მიანიშნა, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე „ეფექტიანი კონტროლი“ გრძელდებოდა“.

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება სასამართლოს განაჩენის რამდენიმე დასკვნას ომის შემდგომ დარღვევებზე რუსეთის პასუხისმგებლობასთან მიმართებითდა აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ „ექსტერიტორიული იურისდიქციის“ კონცეფციის გამოყენება არ შეესაბამება გაეროს საერთაშორისო სასამართლოსა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button