skip to content
რესპუბლიკის ამბები

1920: საუბარი კარლო ჩხეიძესთან

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 25 დეკემბერი, N294

საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარე კარლო ჩხეიძე ევროპიდან თბილისში დაბრუნდა 22 დეკემბერს დეპეშათა სააგენტოს წარმომადგენელი ესაუბრა ჩხეიძეს  დელეგაციის საქმიანობის შესახებ.*

საქართველოს საკითხი

როდესაც ჩვენ პარიზში ჩავედით, ჩვენს შესახებ იქ არავითარი წარმოდგენა არ ქონდათ და საზავო კონფერენციას სრულებით არ აინტერესებდა საქართველოს საკითხი, ეს საკითხი მის წინაშე არც იდგა.

თეორიულად ზავი უნდა აშენებულიყო ხალხთა თვითგამორკვევის საფუძველზე, მაგრამ ამ პრინციპს არ ჰქონდა კონკრეტული, აქტუალური ხასიათი, როგორც ეს ჩვენთვის იყო საჭირო.

ეს ის დრო იყო, როდესაც გამარჯვებული ანტანტა საკითხს აყენებდა, იმდენად, რამდენადაც ზავს პასუხი უნდა გაეცა ომის მიერ მოწვეულ საკითხებისათვის, ამიტომ იმ დროს არ იყო ხელსაყრელი ატმოსფერა ჩვენი საკითხის პრაქტიკულად დაყენებისთვის.

რუსეთის პრობლემა

თავის თავად ცხადია, რომ იმ საკითხებში, რომელიც ზავის საგანს შეადგენდა, ყოფილ რუსეთის პრობლემას მაშინაც უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ადგილი ეჭირა. მაგრამ იმ დროს ეს პრობლემა არ იდგა წესრიგის პირველ რიგში. კონკრეტულად საკითხი იდგა იმის შესახებ, თუ რანაირი სახე, შინაარსი მიეღო ზავს გერმანიასთან. ამას კი მეტად ხანგრძლივი დრო მოუნდა. ამიტომ იყო, რომ ყოფილი რუსეთის საკითხის დღის წესრიგში დასმა მეტად დაგვიანდა. სხვა მრავალ მიზეზთა შორის ამის მიზეზი ისიც იყო, რომ კონფერენცია ძლიერ კარგად ხედავდა, თუ რამდენად რთული და ძნელი გადასაჭრელი იყო ყოფილი რუსეთის საკითხი. საზავო კონფერენციამ კარგად იცოდა, რომ შეეხებოდა თუ არა ის ამ საკითხის პრაქტიკულად გადაჭრას, მაშინვე თავს იჩენდა ინტერესთა მრავალფეროვნება, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელათ რუსეთის საკითხში კონფერენციაში მონაწილე სახელმწიფოებს. თავის თავადაც ცხადია, იმ სახელმწიფოების საკითხი, რომელნიც აღმოცენდნენ ყოფილ რუსეთის ტერიტორიაზე კონფერენციის შეხედულებით დაკავშირებული იყო რუსეთის საკითხთან. ამრიგად, კონფერენცია დღითი დღე ცდებოდა რუსეთის საკითხს და მასთან ერთად ჩვენი დამოუკიდებლობის საკითხსაც.

უნდა მივიღოთ აქ მხედველობაში შემდეგი საერთო მოსაზრება: მაშინ იმედი ჰქონდათ ახლო მომავალში რუსეთში სამოქალაქო ომის დასრულების და ისეთი ძალების გამარჯვებისა, რომელთანაც უფრო ადვილი იქნებოდა რუსეთის საკითხის მოწესრიგება.

ევროპაში არ გვიცნობდენ

გარდა ამისა, მიზეზი იმისა, რომ ჩვენმა საკითხმა აქტუალური ხასიათი ვერ მიიღო სასურველი სიჩქარით, იყო შემდეგი: ის ინტერესთა სხვა და სხვაობა რუსეთის შესახებ, რომელზედაც ჩვენ ზევით მივუთითეთ, მეტად დიდ მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიქმნა. თავიდანვე კონფერენციის ერთ მონაწილეს – საფრანგეთს ვერ წარმოედგინა იმ დროს რუსეთის დაყოფა და დანაწილება. ეს იდეა იმდენათ შესისხლხორცებული იყო მმართველი წრეების და საზოგადოების მიერ, რომ ყოველივე ცდა ამ იდეის დარღვევისაკენ მიმართული იმ დროს უნაყოფო იყო. კონფერენციის მეორე მონაწილე ინგლისი, რომელსაც უდიდესი გავლენა ჰქონდა, მართალია რუსეთის შესახებ წინააღმდეგი აზრის იყო, მაგრამ არც კი სთვლიდა საჭიროდ იმ დროს აქტუალური პოლიტიკა ეწარმოებია ამ საკითხში და უფრო ხელსაყრელ დროს უცდიდა. გარდა ამისა, ჩვენ როგორც სახელმწიფოს ერს, მთელი ჩვენი წარსულით და აწმყოთი, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ევროპაში სრულიად არ გვიცნობდენ. ასეთი იყო საზოგადოთ საერთაშორისო ატმოსფერა, რომელშიც მოუხდა ჩვენს დელეგაციას პირველი ნაბიჯების გადადგმა. დელეგაციის ტაქტიკა ისეთი იყო, რომ სადაც კი საშვალება ჰქონდა თავისი ხმის მიწვდენისა, განურჩევლად წრეებისა, ეს ხმა უნდა მიეწვდინა;

ჩვენი დამოუკიდებლობა და სოციალისტური წრეები

თავის თავად ცხადია, რომ დელეგაციისათვის მეტად საინტერესო იყო, თუ ასეთ ძნელ პირობებში როგორ შეხედავდენ საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხს სოციალისტური წრეები. ეს ის დრო იყო, როდესაც სოციალისტური წრეები საფრანგეთში რუსეთის დიდი რევოლუციის ზეგავლენის ქვეშ იყვნენ. ყველამ კარგათ იცის, თუ რა ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა მთელს კაცობრიობაზე რუსეთის რევოლიუციამ. როდესაც ჩვენი დელეგაცია ჩავიდა პარიზში, როგორც ვიცით, მაშინ რუსეთის რევოლიუციის მემკვიდრენი უკვე ბოლშევიკები იყვნენ. ბალშევიზმი იმ დროს სოციალისტების თვალში მოცული იყო რუსეთის დიდი რევოლუციის ორეოლით.

სოციალისტურ წრეებს ჩვენ გადაჭრილი პასუხი მივეციით ორი საკითხის შესახებ: ინტერვენციის და ბალშევიზმის შესახებ. ჩვენთვის მაშინაც ცხადი იყო, რომ გარეშე სამხედრო ძალების ჩარევით რუსეთის საქმის მოწესრიგება შეუძლებელი იყო, რომ რუსეთის ბალშევიზმი მიუხედავათ იმისა, რომ ის მიზნათ ისახავს ამხანათ რუსეთში სოციალიზმის დამყარებას და რუსეთის საშუალებით კი მთელ ქვეყანაზე, ის ცხოვრების პროცესში იქცა უსაშინელს რექციონურ მოძრაობათ; და ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ თუ საქართველოს სურს რამენაირად აიცდინოს ამ საშინელი მომავალი რეაქციის ქარიშხალი, რომ შეინარჩუნოს თავისი ფიზიკური არსებობა და დიდი რევოლუციით მონაპოვარი, ის (საქართველო) მტკიცედ უნდა დაადგეს დამოუკიდებლობის გზას.  საკმაო იყო ასეთი ცხადი და გადაჭრილი დეკლარაცია რუსეთის შესახებ, რომ ჩვენს საკითხს იმ ხანათ სოციალისტების თვალში სათანადო ინტერესი ვეღარ მოეპოვებია.

არა სოციალისტური წრეები და საქართველო

რაც შეეხება კონფერენციას და არა სოციალისტურ წრეებს, მათ მივმართეთ ჩვენი საკითხის შესახებ დაწვრილებითი განმარტებით, რითაც ვამტკიცებდით, რომ ერთად ერთი სწორი და ბუნებრივი გზა, რომ რუსეთის საკითხი, რომელიც ასე დიდად აინტერესებდა კონფერენციას, სასურველად გადაწყვეტილიყო, როგორც რუსეთის ხალხისთვის, ისე საერთაშორისო დემოკრატიისთვის, ეს იყო გზა ყოფილ რუსეთის ერთა თავისუფალ თვითგამორკვევისა; რომ მხოლოდ ამ გზით შეიძლებოდა შექმნილიყო საღი ატმოსფერა, როგორც ეკონომიური ისე პოლიტიკური ურთიერთობისა რუსის ხალხსა და იმ ერებს შორის, რომელნიც შებორკილნი და დამონავებულნი იყვნენ რუსეთის თვითმპყრობელობის დროს. ვინც რუსეთის წარსულს საკმაოდ კარგად იცნობს, მისთვის ეს დებულება სრულიად ადვილად გასაგებია.

რუსეთს ვერ იცნობდნენ

სამწუხაროდ ევროპაში ამ ორი წლის ცხოვრებამ, სხვათა შორის, ერთი რამ დამანახვა: მიუხედავად იმ მნიშვნელობისა, რომელიც რუსეთს ჰქონდა ისტორიაში, დასავლეთ ევროპა, მეტი რომ არა ვსთქვათ, საკმაოდ მაინც ვერ იცნობს მას. ამიტომ საჭირო შეიქმნა, რომ დასავლეთ ევროპას თავსი თვალით დაენახა და განეცადა ის გაკვეთილები, რომელსაც რუსეთის ცხოვრება იძლეოდა. საჭირო შეიქმნა მოვლენა კოლჩაკის, დენიკინის, ვრანგელის და სხვათა, რომ დასავლეთ ევროპაში მიმხვდარიყვნენ, რომ რუსეთის ძველ ფარგლებში გაერთინება სრულიად მიუღებელი უტოპია არის. და მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს გაკვეთილები განიცადეს, როდესაც შეითვისეს ის აზრი, რომ რუსეთის ძველ ფარგლებში გაერთიანებისაკენ მიმართული ცდა დაინტერესებულ სახელმწიფოს არსებით ინტერესებს დიდ ზიანს აყენებს, მხოლოდ მაშინ შეიქმნა შესაძლებელი, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის საკითხისათვის მეტი ყურადღება მიექციათ.

საქართველოს დე იურე

ჩვენი საკითხის პრაქტიკულად დაყენებას ხელს უშლიდა აგრეთვე ერთი გარემოება: სახელდობრ ის, რომ ჩვენ ამიერ კავკასიის რესპუბლიკათა წარმომადგენელნი – ერთსულოვნად ვერ წავრდექით ვის წინაც ეს ჯერ იყო. ყოველ შემთხვევაში, დადგა მომენტი, როდესაც კონფერენცია ცხოვრების მიერ იძულებულ შეიქმნა მიეღო ჩვენი ფაქტიური ცნობა. ამის შემდეგ ჩვენს საკითხში კონფერენცია კვლავ შეჩერდა; ასეთ მდგომარეობაში  იყო ჩვენი საკითხი მანამ, სანამ ობიექტურმა პირობებმა კვლავ არ მიაქცევია კონფერენციას თავისი ყურადღება ჩვენი დამოუკიდებლობის საკითხისათვის. იმის ნიშნებმა, რომ პოლონეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის მოსალოდნელი ზავი, ვრანგელის მომავალსაც ხიფათი მოელოდა, ჩვენი იურიდიულად ცნობის საკითხს, იმ ხანად საკმაოდ აქტუალური ხასიათი მიაღებინა. და შეიძლება ითქვას, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში იქნა შეტანილი. რასაკვირველია, დღევანდელ პირობებში არავის არ შეუძლია სთქვას, რომ ამ საკითხზე ჩვენ დღეს თუ ხვალ დასტურს მივიღებთ, მაგრამ ერთი ეჭვს გარეშეა; იდეა ჩვენი დამოუკიდებლობისა (დიდი ხანი არ არის მას შემდეგ, რაც ის სრულიად მიუღებლად მიაჩნდათ), დღეს საკმაოდ შეთვისებულია და ვიტყვი, რომ კიდევაც პოპულარულია. პოპულარული იმდენათ, რამდენათაც ჩვენ ამ ხნის განმავლობაში დავამტკიცეთ და დავანახეთ ვისაც ჯერ იყო, რომ იურიდიულად ცნობა სასარგებლოა არა მარტო ჩვენთვის, არამედ იმათთვისაც ვისგანაც დამოკიდებულია ამ საკითხის გადაჭრა. შეიძლება იფიქროთ, რომ ამ საკითხმა კვლავ დაჰკარგა ის აქტუალური ხასიათი, რომელიც მას ამ ბოლოდროს ჰქონდა, როცა მიიღებთ მსჯელობაში იმას, თუ რა ბედი ეწვია ხალხთა ლიგაში საქართველოს საკითხს, მაგრამ ჩვენის აზრით, ასეთი დასკვნა სწორი არ არის. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენს იურიდიულად ცნობას საკმაოდ არსებით მნიშვნელობას აძლევენ და დღეს, როგორც ყოველ მნიშვნელოვან საკითხში დიდი რყევა არის. ყოველ შემთხვევაში ამ საკითხში საერთაშორისო მასშტაბით ხაზი უკვე აღებულია და არავითარი საფუძველი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ ეს საკითხი ჩვენს სასარგებლოთ არ გადაწყდება.

ჩხეიძე, ირაკლი წერეთელთან და პარიზის საზავო კონფერენციაზე მივლენილ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ევროპაში 1919 წლის დასაწყისში გაემგზავრა. ჩხეიძესთან ერთად საქართველოში დაბრუნდნენ 1920 წლის გაზაფხულზე ევროპაში ეკონომიკური ურთიერთობის დამყარების მიზნით წასული ფინანსთა და ვაჭრობა მრეწველობის მინისტრი კონსტანტინე კანდელაკი და სახელმწიფო კონტროლი ფილიპე გოგიჩაიშვილი.

მსგავსი/Related

Back to top button