რესპუბლიკის ამბები

აბელ შევალიე: საქართველოს ღირსია ყველა სუვერენული უფლებისა

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 15 აგვისტო, N285

ტფილისში მყოფ საფრანგეთის უმაღლეს კომისრის შევალიეს განცხადება

ტფილისში ახლად დანიშნული საფრანგეთის უმაღლესმა კომისარმა შევალიემ საქართველოს დეპეშათა სააგენტოს საუბრის დროს შემდეგი განაცხადა: საქართველო მე ჯერ მხოლოდ თოვლის ქვეშ ვნახე, მაგრამ მე მქონდა პატივი შევხვედროდი საქართველოს ზოგიერთ სახელმწიფო მოღვაწეს, რომელთა პიროვნებამ და შეხედულებებმა, ჩემზე ღრმა შთაბეჭდილება, მოახდინეს. მე გამაკვირვა იმ პირდაპირობამ, რომელიც გამოსჭვივოდა მათ განცხადებაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მომავალი დამოკიდებულება საქართველოს მთავრობასთან იქნება საუკეთესო. მე მივიღე რწმუნება გადავსცე საქართველოს მთავრობას, რომ ამის შესახებ აქედან საჯაროთ ვაცხადებ. საქართველოს კარგათ იცნობდა საფრანგეთი, მაგრამ ევროპაში მყოფმა საქართველოს მისიამ, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უფრო ნათლად დახატა საქართველოს როლი, გაეცნო მის შესაძლებლობას და საჭიროებას. მე ვიმედოვნებ სთქვა შევალიემ, რომ დამოკიდებულება საფრანგეთისა და საქართველოს შორის უფრო განმტკიცდება. მე ვისარგებლებ შემთხვევით, რომ უარყო წინადადება, თითქოს საფრანგეთსა და ანტანტას ჰქონდეს რაიმე განზრახვა საქართველოს აგრესიულ მოქმედებისათვის ბაზად გამოყენებისა. სახელდობრ თითქოს საფრანგეთს სურდეს საქართველოს გამოყენება სამხედრო, საზღვაო, პოლიტიკურ ან სხვა პროპაგანდის სახით. ცხადია, მე დავიცავ საფრანგეთის ინტერესებს, რომელიც ამავე დროს არის მასთან შეკავშირებულ სახელმწიფოების ინტერესებიც, მაგრამ საფრანგეთის ინტერესს შეადგენს, საქართველოს განვითარება და მისი დამოუკიდებლობის განმტკიცება. საფრანგეთის ინტერესები არ ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, და საქართველო, როგორც მე მესმის მიისწრაფის კეთილდღეობისაკენ და თავის თავისუფლების განმტკიცებისაკენ.

მე ვფიქრობ, რომ მთელი აღმოსავლეთის და მთელი ქვეყნის ინტერესებიც მოითხოვენ დამოუკიდებელ სახელმწიფოების არსებობას ამიერ კავკასიაში,ს ადაც ორ ცივილიზაციას აღმოსავლეთისა და დასავლეთისას შეეძლოთ შეხვედრისას გაეცნოთ ერთი მეორე, განმსჭვალულიყვნენ ურთიერთ აზრებით. საქართველო ერთი  იმ სახელმწიფოთაგანია, რომელსაც აქვს შესაძლებლობა თვითვე განაგოს თავისი ბედი. საქართველოს აგრესიულ მიზნისათვის ბაზად გამოყენება ეწინააღმდეგება როგორც საფრანგეთისა და საქართველოს ინტერესებს ისე მთელ აღმოსავლეთის ინტერესებსაც. ჩემი მისია არის მისია ზავისა და არა ომის. კეთილ განზრახვებისა და არა ძალდატანებისა. თავისუფლება მთების ქალიშვილია. შვიდი საუკუნის განმავლობაში დიდი სახელმწიფოები პატივისცემით ეპყრობოდენ შვეიცარიას. საქართველოს და სომხეთს აღმოსავლეთში ისეთივე როლის თამაში შეუძლიათ, როგორსაც თამაშობს დემოკრატიული შვეიცარია. მე დავუმატებ, რომ არა მარტო საფრანგეთის ინტერესები მოითხოვენ დამოუკიდებელ საქართველოს არსებობას, არამედ  ამას მოითხოვენ აგრეთვე საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოების ინტერესები, მთელი ქვეყნის სახელმწიფოები ამ ჟამად ნედლი მასალისა და ფაბრიკანტების კრიზისს განიცდიან, საქონლის გაცვლა გამოცვლის გაადვილება და გზათა მიმოსვლის გაუმჯობესება – ასეთია მთელი ქვეყნის სახელმწიფოების მიზანი. საქართველოა რის ბუნებრივი გზა დასავლეთისა და აღმოსავლეთს შორის. ეს გზა უნდა გაიხსნას პირველ შეძლების და თანავე. ეს პირობა არის აუცილებელი მთელი ქვეყნის ნორმალური წესიერების აღსადგენად, ამ გზის დაკეტვის მსურველნი არიან არა მარტო საქართველოს არამედ თავისივე ქვეყნის მტრებიც, შეიარაღებულ ძალთა ჩარევის სურვილი იქნება ეს შინაგან რევოლუციისა თუ გარეშე ძალის გავლენის სახით თავისთავად ამ გზის დაკეტვას უდრის. მართლაც, ყოველი სახელმწიფო, რომელიც მოინდომებს ამ სახით საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევას, თავისთავად გამოიწვევს სხვა სახელმწიფოების შესაფერ ზომებს საქართველოს დაცვისაკენ მიმართულს. ანტანტას არას გზით არ სურს შექმნას საქართველოში ახალი ფრონტი. მაგრამ თუ საქართველო გახდა ობიექტი შინაურ ან გარეშე მტრის თავდასხმისა, თუ მისი დამოუკიდებლობა საფრთხეში ჩავარდა, კარები, რომლის საშუალებითაც შეიძლება კავკასიის გზით აზიასა და ევროპის შორის საქონლის გაცვლა-გამოცვლის მოწყობა, მჭიდროთ ჩაიკეტება. ვინ უფრო დაზიანდება ამით: დასავლეთი ევროპა თუ რუსეთი და კავკასიის სახელმწიფოები? მე ვფიქრობ ყველა. დასასრულს მე ვიტყვი: ჩემი მისია მდგომარეობს არა იმაში, რომ ვისიმეს დავეცეთ, არამედ იმაში რომ დავიცვა საქართველოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება და შევინახო მასთან მეგობრული განწყობილება. თქვენ შეკითხვაზე, იმის შესახებ, თუ რატომ ბრკოლდება ასეთ შემთხვევაში საქართველოს აღიარება მე გიპასუხებთ: ამ საკითხის გადაწყვეტა ჩემ კომპეტენციაში არ შედის. მისი განმტკიცება შეუძლია ევროპას. მაგრამ მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს იურიდიულ აღიარებას საფრანგეთი არ შეაჩერებს. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხი მთელი საუკუნეების განმავლობაში სცხოვრობდა დამოუკიდებლად, და იგი ღირსია ყველა სუვერენული უფლებისა, რომელიც კი აქვს რომელიმე ერს. საქართველოს როლი უკვდავია, ვინაიდან მისი საქმე არის მართალი, და სამართლიანი. საქართველო არის ერთად ერთი კერა მთელ მსოფლიოში, ეროვნულ თავისუფლებისა და დემოკრატიული გრძნობისა, ვიტყვი დასასრულ შეუძლებელია რომ მისი დროშა ძირს დაეშვას.

მსგავსი/Related

Back to top button