ახალი ამბები

ქვეყანაში შეზღუდვების ხელახლა შემოღებას პროტესტი მოჰყვა 

კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობის მიერ მკაცრი შეზღუდვების ხელახლა შემოღებას, რომლებიც ძალაში 28 ნოემბრიდან შევიდა, სოციალური უკმაყოფილება, ასევე გარემოვაჭრეების, ბიზნესების მფლობელთა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით საპროტესტო აქციები მოჰყვა.

30 ნოემბერს, თბილისში, მეყვავილეები გარევაჭრობის გაგრძელებაზე ნებართვის მოთხოვნით ქუჩის გადაკეტვას შეეცადნენ. მათი თქმით, დაწესებული შეზღუდვების გამო მათ შემოსავლის წყარო დაკარგეს, რის გამოც საკუთარი თავისა და ოჯახის შენახვას ვეღარ შეძლებენ. რამდენიმე მეყვავილე შეზღუდვებს არ დაემორჩილა და ყვავილების გაყიდვა მაინც განაგრძო.

საკითხზე საუბრისას ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირებისა დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ მეყვავილეებს შეახსენა, რომ მათ საკუთარი ბიზნესის ონლაინრეჟიმში გადატანა შეუძლიათ. „მათ შეუძლიათ, დისტანციურად, ონლაინ განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა. ეს არ არის აკრძალული, თუმცა, მობილობის შესამცირებლად მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შეზღუდული“, განაცხადა ფერაძემ.

30 ნოემბერს გარემოვაჭრეების აქცია გაიმართა რუსთავში, რომელთაც შემოღებული შეზღუდვები გააპროტესტეს და რუსთავის მერს, ირაკლი ტაბაღუას მხარდაჭერა სთხოვეს, მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი – საპროტესტო აქციების გაგრძელებით დაიმუქრნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, პანდემიით დაზარალებული ადამიანებისთვის მთავრობის მიერ დაწესებული ფინანსური დახმარება მათ ვერც პირველ ეტაპზე მიიღეს. მოთხოვნების საპასუხოდ, რუსთავის მერმა გარემოვაჭრეებს მათი ბიზნესსაქმიანობების გასაგრძელებლად ალტერნატიული შიდა ფართები შესთავაზა.

კიდევ ერთი აქცია 30 ნოემბერს ბათუმში გაიმართა, სადაც, ოპოზიციის მხარდამჭერებმა და აქტივისტებმა, რომლებიც არჩევნების შემდგომი მორიგი საპროტესტო აქციის ფარგლებში შეიკრიბდნენ, გარემოვაჭრეებსა და კვების ბიზნესის მფლობელებს მოუწოდეს, არ დამორჩილებოდნენ დაწესებულ შეზღუდვებს და საკუთარი პროდუქცია ადგილობრივი მთავრობის შენობის წინ გაეყიდათ.

მოგვიანებით, აქცია პოლიციასთან სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ერთი პირის დაკავება მოჰყვა. მედიით გავრცელებულ სიუჟეტებში ჩანს, რომ რამდენიმე მომიტინგემ დაზიანებები მიიღო.

28 ნოემბერს, ბათუმის ერთ-ერთი ფიტნესცენტრის მფლობელმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და მიუხედავად შეზღუდვებისა, ცენტრის მუშაობა განაგრძო, რათა ის „უსამართლობა“ გაეპროტესტებინა, რომელიც ხალხს აღარიბებს. შრომის ინსპექციამ ფიტნესცენტრი წესების დარღვევისთვის 10 000 ლარით დააჯარიმა.

ფიტნესცენტრის მფლობელს პარტია გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ მხარი საჯაროდ დაუჭირა, ფიტნესცენტრი საცხოვრებელ სახლად იქირავა და ყველა ადამიანს, ვინც ამ ცენტრით სარგებლობდა, ვარჯიშის გაგრძელება შესთავაზა.

მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფიტნესკლუბი დალუქეს, ხოლო შსს-მ ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

1 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კოვიდ-19-ის 3 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა კი – 139 343-ს შეადგენს. ამასთან, კოვიდ-19-ისგან ჯამში სულ 117 560 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 303 კი – გარდაიცვალა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button