ახალი ამბები

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები საპროტესტო აქციას ეხმიანებიან 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში 9 ნოემბერს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მოუწოდებს საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომ „ძალადობისგან თავი შეიკავონ“, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას „პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტურ თავისუფლებებს“.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოკლევადიანი მისიის ხელმძღვანელი ელონა გჟებრეა ჰოჯა მიესალმა მომიტინგეების მიერ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენებას, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ „ძალადობის აქტები დაუშვებელია“.

აქციის წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენების თაობაზე საუბრისას, ელონა გჟებრეა ჰოჯამ განაცხადა, რომ პოლიციამ მომიტინგეების ქცევაზე რეაგირებისას თავშეკავება უნდა გამოიჩინოს და პატივი უნდა სცეს მათ ფუნდამენტურ თავისუფლებებს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პია კაუმამ მოუწოდა ყველა მხარეს, რომ კონსტრუქციულ დიალოგში ჩაერთონ არსებული პოლარიზაციის დასაძლევად. მან ასევე მოუწოდა მხარეებს, რომ საერთაშორისო პარტიორებისგან მიღებული ყველა გზავნილი გაითვალისწინონ.

„მინდა მხარდაჭერა გამოვხატო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ სავარაუდო საარჩევნო დარღვევების მოგვარების საქმეში ყოვლისმომცველი პროცესის განხორციელებისთვის“, – განაცხადა მან.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 28 მოკლევადიანი დამკვირვებელი გამოგზავნა. დამკვირვებლებს ალბანელი პარლამენტარი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის მომხსენებელი, ელონა გჟებრეა ჰოჯა და ფინელი პარლამენტარი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის საკითხებში, პია კაუმა ხელმძღვანელობდნენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button